პროფესორ ცირა ბარამიძის ღია წერილი ჯაბა სამუშიას: ბატონო ჯაბა, თქვენ წინაშე ახლა სულისშემძვრელი სურათია…

“ბატონო ჯაბა, თქვენ წინაშე ახლა სულისშემძვრელი სურათია, მასზე 19-20 წლის სტუდენტები და ერთიც, 4 შვილის მამაა, სამშობლოს ვალი ომშიც რომ მოიხადა. აქ ვისაც ხედავთ, ყველა ამ ვალს იხდიდა ახლაც და არ არსებობს მტკიცებულებები, რითაც ისინი 9 წლით ციხისთვის უნდა განამწესონ; უბრალოდ, ისინი რეჟიმის ტყვეები არიან. მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, იურისტიც. რა უნდა ჩაედინათ იმაზე მეტი, ჩვენი უნივერსიტეტის კონსტიტუციონალისტმა პროფესორმა რომ ჩაიდინა 28 ნოემბერს სულ რაღაც 4 სიტყვით – „28 წლამდე ვაჩერებთ ევროკავშირთან ურთიერთობასო“. 28 ავბედით რიცხვად იქცა და რაც აზვირთდა, ჩემგან არ გესწავლებათ; არც ისტორიული მოვლენების შეფასებაში შეგეპაექრებით, არც სხვა რამეში; უბრალოდ, უმეტესი პროფესორის ჩუმ, გაუმხელელ გულისტკივილს მე ხმამაღლა ვამბობ და ჩვენი უნივერსიტეტის „საოცნებო“ იდილიურ სიმშვიდეს ვარღვევ. მაპატიეთ, ხომ იცით, ადრეც არაერთხელ დამირღვევია.
მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ გამოხატავთ პოზიციას არსებულ ვითარებაზე, როგორადაც არ უნდა გიჭირდეთ, ვფიქრობ, ეს იქნება სწორი ისტორიის წინაშე. ყველაფრის ვადა იწურება თავის დროზე, რექტორობისაც, მათ შორის და ცოტა ხნის შემდგომ, როცა ვიკითხავთ, სად იყო ჩვენი რექტორი და უნივერსიტეტი, როცა ათობით უნივერსიტეტი მდინარესავით მიედინებოდა ქვეყნის გამზირზე, თავისუფლებამდე რუსთაველი რომ გაევლო, სად იყავით თქვენ, ვინ გნახათ ერთად პროფესურა და სტუდენტები, როცა ისტორია უტყუარად დაწერს, რომ 2024 წლის 25 ნოემბერს 1921 წლის 25 თებერვალი გაგვითენდა და მე-11 მოუწვეველი პარლამენტის სახით მე-11 არმია შემოვიდა… და ეს არ იქნება კვაზიმეცნიერული ოპუსები… სისხლიც ვნახეთ, გაზიც, ცრემლიც, დევნაც, ღირსების შელახვაც, 300-ზე მეტი ნაწამები შვილი გვყავს… ნუთუ გულგრილად უცქერდით? დაუჯერებელია… სად იყავით, როცა თქვენი სტუდენტები სამშობლოს ერთგულებისთვის ციხეში გამოკეტეს… რა მოგვიწოდეთ? ან მოგვიწოდეთ კი რამე? არაფერი ხდება? ძალიან ბევრი პროფესორი ასე გათითოკაცებული დავდივართ დედაუნივერსიტეტის ლოგოსა და დროშის გარეშე, დავდივართ, ვდგავართ და დავდივართ… ზოგიც ჩუმად ამბობს, რა სჭირს ამ ჩვენს უნივერსიტეტს? რა მართებული იქნებოდა ისტორიის განმეორება, რომ ისტორიკოსი რექტორი გაიმეორებდა დამფუძნებლის სიტყვას – დღეს თქვენ სამშობლოს სჭირდებითო… დაახლოებით მაინც და მიმსგავსებით მაინც. რა ზუსტი იქნებოდა – გამიჯნოდით ჩვენი ერის საუკუნოვანი მიზანსწრაფვის უარყოფას ჩვენივე პროფესორის (ი.კ.) „გუნდისგან“, გამიჯნოდით მის მიერ უარყოფას – ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მით უმეტეს, რომ ამ ცივილიზაციის სათავე ჩვენი, ლოკალური ცივილიზაციაა, როგორც კარიბჭე და როგორც ფარი ევროპული ცივილიზაციისა.
ბატონო რექტორო, მოგმართავთ თხოვნით:
1. დაუბრუნოთ უნივერსიტეტს დედაუნივერსიტეტის იმიჯი, მშობელივით იზრუნოთ ამ ახალგაზრდებზე – პოლიტპატიმრებზე, დაუშვებელია მათი 9 წლით ციხეში გაშვება, დანაშაულია; მით უმეტეს, რომ მათი მოსამართლე თავად არის სამართალდამრღვევი. მე მის წინააღმდეგ სტრასბურგში მაქვს საქმე და კარგად ვიცნობ მის „სამართალს“.
2. დადექით ისტორიის სწორ მხარეს – გაემიჯნეთ ხელისუფლების უზურპაციას, გეოსტრატეგიული კურსის ცვლას და მოგვიწოდეთ პროფესორებსა და სტუდენტებს, დავდგეთ თქვენთან ერთად ერთხელ მაინც მარშში სამშობლოსათვის! თქვენ ხომ არჩეული რექტორი ხართ და ვერავინ გაბედავს თქვენს შეწუხებას, რადგან გვერდით გედგებათ 27000-იანი სტუდენტთა და 2500-იანი პროფესორ-მასწავლებელთა არმია. გაიღეთ ეს სულიერი საგრობა უნივერსიტეტისათვის, თქვენთვის და ჩვენი მომავლისათვის!
არ გამიბრაზდეთ გულწრფელობისა და საჯაროობისათვის! თუ ვცდები, ისტორიამ განმსაჯოს!!!” – წერია პროფესორ ცირა ბარამიძის ღია წერილში, რომლითაც მან თსუ-ის რექტორს ჯაბა სამუშიას მიმართა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რუსი ოლიგარქის რუსული რეჟიმის თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი – მინდა, გავაფრთხილო კუპატაძე, სირაძე, მემანიშვილი, ბიჭებო, მძიმე დღეები გელოდებათ და შემდეგი თქვენ იქნებით