გაკვირვებით ვაკვირდებით ევროპელების მიერ საქართველოს საქმეებში ჩარევას – პესკოვი
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი დასავლეთის მხრიდან საქართველოს საქმეებში “ჩარევით” გაოცებულია.
“ჩვენ გაოცებით ვაკვირდებით ევროპელების მხრიდან საქართველოს საქმეებში სრულად დაუფარავ ჩარევას და საქართველოს ხელისუფლებაზე სრულიად უპრეცედენტო ზეწოლის მცდელობებს. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა.” – თქვა პესკოვმა.
კრემლის სპიკერმა საქართველოს შესახებ სამთავრობო-პროპაგანდისტულ ტელევიზია Россия-24-თან ისაუბრა.
პესკოვი ასევე ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს საქმეებში არ ერევა და არც ჩარეულა.
“ის (რედ. – ურთიერთობა) არანაირად დგება. იცით, რომ ჩვენ არანაირად ვერეოდით, არ ვერევით და არ ვაპირებთ რაიმე სახით ჩავერიოთ საქართველოს მოვლენებში.” – თქვა პესკოვმა.
ამას გარდა პესკოვმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ვლადიმირ პუტინი 19 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრებს.
“საქართველოს ხელისუფლებისთვის რჩევები ჩვენი მისაცემი არაა. ამას არ გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ოდნავ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ჟურნალისტების ინტერესების შესაბამისად პრეზიდენტი ხვალ ყველა პასუხს გასცემს.” – თქვა პესკოვმა.(ტაბულა)