ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე და ასეთი ფაქტები მხოლოდ დამატებით დასტურია იმისა, რომ ასეთი პერფორმანსები თავიდან ბოლომდე პარტიულად მართულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია.
„ეს არ არის ახალი ხილი. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდებოდა უკრაინული „მაიდნის“ და სხვა რევოლუციური პროცესების დროს. ეს არის ერთგვარი შაბლონები, რომლებითაც მუშაობენ კონკრეტული გარე ძალები და ამ შემთხვევაში ეს შაბლონი მისცეს ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა იმდენად გაცვეთილია ყველა ეს ინსტრუმენტი, რომ შეუძლებელია, რაიმე ეფექტი ამ ყველაფერმა მოიტანოს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, „რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები“.
ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ რატომ ესხმიან ოპონენტები თავს იმ ქვეყნებს, რომელთაც დაბლოკეს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, პრემიერი აღნიშნავს, რომ ოპონენტებს აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს.
„შესაბამისად, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს. პირდაპირ არის მათი ინტერესები წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმები, რასაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.