ერთ ქვეყანაში არ შეიძლება 3 დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს, თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს – არ მგონია, რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, 29 დეკემბერს თანამდებობის დატოვება მოუწევს და მას არჩეული პრეზიდენტი ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
კობახიძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოვა.
„რეალურად, კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა. უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. მე-7 წელია, რაც ის პრეზიდენტის თანამდებობაზეა და ასეთ დროს რომ თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს, არ ვიცი… ერთ ქვეყანაში არ შეიძლება 3 დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს. თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს. უბრალოდ, სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კაია კალასის განცხადებამ მის ამ მცდელობას ხაზი გადაუსვა. არ მგონია, რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და მას ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მე მგონი, გამოვა, მე მაინც მგონია, რომ გამოვა. არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.