რაჟდენ კუპრაშვილი ატლანტაში გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელს კრის ფრესონკეს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელს კრის ფრესონკეს შეხვდა. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
როგორც ბიუროს უფროსმა აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
„შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დაიგეგმა საქართველოში გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელისა და კოორდინატორის ვიზიტი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.