სანდრო თვალჭრელიძე – “აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა…”
“ვეიმარის სამკუთხედის” გეგმა “ბე” – ევროკავშირის ქვეყნებმა ქართველი მაღალჩინოსნები, შესაძლოა, ცალ-ცალკე დაასანქცირონ
ვახტანგ ძაბირაძე – “ზურაბიშვილს მაინც მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და კერძო ოფისის გახსნა“
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა…”
“ქართული ოცნების” წიაღში არსებული ყველაზე ორთოდოქსული ჯგუფის ყველაზე მარგინალი პირი შეარჩიეს კანდიდატად და მერე ყველამ ერთხმად, ფანფარებით აირჩია, ერთი ადა მარშანია წავიდა წინააღმდეგ, რისთვისაც მადლობა მას… ეს აჩვენებს ერთ რამეს – ხელისუფლებისთვის, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილისთვის, დანარჩენები ხომ მისი კლონები არიან, რასაც იტყვის ბიძინა, იმას აკეთებენ, არ არსებობს საქართველოს მოსახლეობა. მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობის ძარღვი. მისთვის ეს არის მასა, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა მართოს, და როცა ხალხი ეწინააღმდეგება, ძალიან უკვირს, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ ღვთიურ მეტრს. აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენ ვნახეთ, რით დასრულდა მუამარ კადაფის ისტორია, აგერ, ახლა ვნახეთ, როგორ კუდამოძუებული გაიქცა სირიიდან ბაშარ ასადი. ნუ ჰგონიათ მაგათ, რომ რუსეთი და ბელორუსი საქართველოსთვის მაგალითად გამოდგება. ეგ აბსოლუტურად სხვა ხალხია. ეგ არის ხალხი, რომელსაც დიქტატურა უყვარს”, – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა…”
“უფრო მეტიც, ისტორიულად რუსეთში კლავდნენ ყველა იმ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც შედარებით ლიბერალური მართვის მომხრე იყო და სიკეთე სურდა საზოგადოებისთვის. ავიღოთ თავად შუისკის მკვლელობა, შემდეგ ალექსანდრე მეორის – რუსეთის განმათავისუფლებლის, რომელსაც რუსეთისთვის კონსტიტუცია მოჰქონდა; შემდეგ, ნიკოლოზ მეორის დროს, სტოლიპინი მოკლეს და მალევე ნიკოლოზ მეორეც გამოასალმეს სიცოცხლეს. რუსეთში ყოველთვის მოსწონდათ ტირანები… დააკვირდით, მართალია, გვახსოვს რუსეთში ანტიპუტინური გამოსვლები, მაგრამ არასდროს ყოფილა ისეთი მასშტაბური, რომ მასში საზოგადოების ყველა ფენა ყოფილიყო ჩართული. ჩვენთან კი უკვე მთელი საზოგადოებაა ამ საპროტესტო მოძრაობაში ჩართული, ყველა ფენა – დაწყებული ხელოვანებითა და საჯარო მოხელეებით, დასრულებული მთამსვლელებითა და ფეხბურთის გულშემატკივრებით. ეს არ არის მხოლოდ ინტელექტუალი ადამიანების პროტესტი, რომლებიც ისედაც თითქმის ყოველთვის კრიტიკულად არიან ხოლმე ძალაუფლებისადმი განმსჭვალული”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“პროტესტმა მოიცვა რეგიონებიც, ვხედავთ, რა ხდება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ა.შ. ჩვენ ვხედავთ ფართო ერთსულოვნებას, ამ დროს გამოდის კახა კალაძე და აცხადებს, რომ თურმე ბავშვები არ მიუშვეს ნაძვის ხის ანთების ზეიმზე და მათ ამ ზეიმში “რადიკალურმა, საშინელმა” ოპოზიციამ შეუშალა ხელი… ამასვე იმეორებს “ძალიან გამჭრიახი” ირაკლი კობახიძე. ჯერ ერთი, იქ სად ნახეს ბავშვი, მივიდა პარტიული აქტივის მცირე ნაწილი და ძალიან კარგი, რომ ბავშვები არ იყვნენ, რადგან რუსთაველზე ყოველი კუთხე, ბუჩქი და ფოთოლი მოწამლულია ჩვენი ხელისუფლების “საგმირო საქმეების” გამო. რა ქიმიური ნივთიერებები აფრქვიეს, არავინ იცის. ამაზე დიდი ცინიზმი არ მინახავს! თურმე 14 დეკემბერს, როდესაც ასეთი მარიონეტი, უდიპლომო პრეზიდენტი შემოგვაჩეჩეს, თურმე ნაძვის ხეც უნდა აენთოთ იქ, სადაც ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სულ ორიოდე დღის წინ. ერთი ანეკდოტისა არ იყოს, წარმოვიდგინოთ, როგორ დაწერდა ყაველაშვილზე გაზეთი “საბჭოთა სპორტი”, როგორც ცუდ სპორტსმენსა და ცუდ მუშაზე, დღევანდელი მონაცემებით კი ცუდ სპორტსმენსა და ცუდ პრეზიდენტზე – საუკეთესო ფეხბურთელი პრეზიდენტებს შორის და საუკეთესო პრეზიდენტი ფეხბურთელებშიო… როგორ წარმოგიდგენიათ ეგ მაკრონის ან ტრამპის გვერდით?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არ ვიცი, რატომ სძულს ბიძინა ივანიშვილს ქართველი საზოგადოება, რატომ აყენებს ასეთ შეურაცხყოფას. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც ამგვარი წიაღიდან არის გამოსული, ტრავმირებული ადამიანია. მოკლედ, ყაველაშვილი მათი პრეზიდენტია და არა ჩვენი. უფრო სწორად, ის არალეგიტიმური ხელისუფლების ასევე არალეგიტიმური პრეზიდენტია… არ ვიცი, ხვალ-ზეგ იქნება თუ ერთ წელიწადში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანას ეს პროტესტი აუცილებლად მიიყვანს ახალ არჩევნებამდე და “ქართული ოცნების” ჩამოშლამდე. როგორც თოვლის უზარმაზარი მასა დნება, ასევე გაქრება “ქართული ოცნება”. მას უკვე შემოეცალა გულახდილ კეთილმოსურნეთა დიდი ნაწილი და მალე ისევე დაიშლება, როგორც თავის დროზე დაიშალა “მოქალაქეთა კავშირი” – კიდევ ერთი ძალაუფლებაზე მიჯაჭვული ძალა. ესენი ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ეს ნაძვის ხის ანთების დაჟინებაც იმის მტკიცება იყო, რომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. კიდევ კარგი, ივანიშვილს ეყო ჭკუა, თორემ დანარჩენები რომ მიეშვა, ალბათ, ისევ დაშლიდნენ აქციას და სპეცრაზმით გარშემორტყმული კალაძე აანთებდა ნაძვის ხეს”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“როდესაც ამგვარი რამ ხდება, როდესაც ხალხს თავზე ლაფს ასხამენ ამგვარი ვითომ პრეზიდენტით და ძალაუფლების შენარჩუნებას ვითომ რკინის ხელით ცდილობენ, ისეთ თავმოყვარე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს პროცესს მაგათი ძალაუფლების ჩამოშლამდე მიიყვანს. ვიმეორებ, ჩემი შეფასებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება გარდაუვალია. ჯობს, ეს დროზე გააკეთონ, თორემ ხელისუფლებაში მყოფ პირებს ცოტა ხანში შესაძლოა ამ ქვეყანაში აღარ დაედგომებოდეთ. არ აპირებენ აქ ცხოვრებას? არ სურთ დაცვის გარეშე ქუჩაში გასვლა, შვილების, შვილიშვილების გასეირნება?! თუ დროულად და ნებით დათმობენ ძალაუფლებას, კარგი იქნება, თუ არადა, ღმერთმა ნუ ქნას, პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, რაც ერთხელ უკვე გადავიტანეთ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოშლის დროს. კიდევ კარგი, ქართული ჯარი ამ პროცესში არ ერევა, მაგრამ თუ ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ვფიქრობ, შეიძლება სწორედ ჯარმა აიღოს ხელში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა. ჩემი შეფასებით, იქაც ძალიან მაღალია უკმაყოფილების მუხტი და არა მხოლოდ დაბალ ეშელონებში, არამედ გენერალურ შტაბშიც. ეს არის უკიდურესი სცენარი… იმედია, აქამდე საქმე არ მივა”, – დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.
“ჯერ რა სირცხვილია, რომ ხელისუფლების განცხადებებს იმდენად არ ენდობიან, მაკრონის მიმართვას ქართული თარგმანი თვითონ ფრანგებმა დაურთეს. მიუხედავად ამისა, ეს თარგმანი მაინც ვერ ასახავს მაკრონის სიტყვების სინატიფეს. მე კარგად ვიცი ფრანგული და შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ თარგმანში გადატანილი იყო მისი განცხადებების, ასე ვთქვათ, ზედაპირი, ხოლო შიდა შრეები, მინიშნებები, ნიუანსები, დეტალები, ლაპარაკის კილო ვერ გადაითარგმნა. მაკრონის სიტყვა გაცილებით ხისტი იყო, ვიდრე მშრალი თარგმანი ასახავს, უფრო დამცინავიც კი ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ვიდრე ეს ჩანს თარგმანში. მაკრონის გასული კვირის მოქმედებებიდან რამდენიმე საკითხს გამოვყოფ: პირველი – საინტერესო იყო, რომ ის ელაპარაკა ბიძინა ივანიშვილს და არა პრემიერ-მინისტრს. ამით გამოჩნდა, რომ მისთვის პრემიერი კობახიძე მარიონეტია და არ მიაჩნია ლეგიტიმურად არჩეულად. სამაგიეროდ, ის ელაპარაკა პირს, რომელიც ფაქტობრივი მმართველია. მთავარი მინიშნება კი ის იყო, რომ საქართველოში არ არსებობს მთავრობა და რომ ქვეყანას ერთპიროვნული ლიდერი მართავს; მეორე – ჩვენ არ ვიცით, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის სრული შინაარსი. ჩვენ ვიცით სულ რაღაც 3-3-წუთიანი მონაკვეთები, რაც გამოაქვეყნეს ფრანგებმა და ქართველებმა, არადა, საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა; მესამე – რატომ დარეკა მაინცდამაინც მაკრონმა”, – განმარტავს რესპონდენტი.
“ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და მაკრონი ელაპარაკა თავისი ქვეყნის მოქალაქეს; მეოთხე – მის ვიდეომიმართვაში იყო მინიშნებები კონკრეტულ მოთხოვნებზე, რაზეც მან, დიდი ალბათობით, ილაპარაკა ივანიშვილთან. თუ მიაქციეთ ყურადღება, მას შემდეგ, რაც მაკრონი ელაპარაკა ივანიშვილს, კობახიძეს ბრიფინგები აღარ გაუმართავს, სამი დღე დუმდა, მერე გამოვიდა და რაღაცები ილაპარაკა, მაგრამ მე მის საუბარში დიდი რიხი ვეღარ დავინახე. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რაღაც-რაღაცები შეიძლება უკეთ გამოიკვეთოს. თუ მოილაპარაკეს, არჩევნების საკითხი შეიძლება გადაწყდეს და შექმნილი ვითარება მყისიერად განიმუხტოს. თუ ვერ მოილაპარაკეს, ძალიან ცუდი იქნება. ვფიქრობ, მაკრონმა პირდაპირ უთხრა ბიძინას, ნუ აიყვან მძევლად ქვეყანას შენი პირადი პრობლემების გადასაჭრელადო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ევროპა, ჩემი აზრით, იანვრის ბოლომდე ძალიან ხისტი ზომები არ იქნება მიღებული, ვიდრე ტრამპთან არ ჩატარდება კონსულტაციები”, – თვლის ექსპერტი.
“ვფიქრობ, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით აშშ, კანადა, ევროპა, ასევე იაპონიაც იქნებიან ჩართული სინერგიული ზემოქმედებით. ის, რომ ზემოქმედება იქნება მეტად მოულოდნელი და ხისტი, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არა დღესვე… აგერ, ამერიკამ დაუწესა სავიზო შეზღუდვა 20 პირს, მათ შორის არიან მინისტრებიცო, მაგრამ ეს მაინც ძალიან მცირე ზომის სანქციებია, ყველა ელოდება თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას და მის ნაბიჯებს, რასაც უკვე იანვრის ბოლოს ვნახავთ. ჩემი აზრით, ჩატარდება ძალიან კარგი კვლევა და ზოგიერთი პირის, გვარს არ დავასახელებ, საზღვარგარეთულ ანგარიშებს გაყინავენ. ეს იქნება ყველაზე ქმედითი ნაბიჯი. დიდი იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება, რადგან ეს იმოქმედებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ახლა დგანან რუსთაველზე. ვიმეორებ, ყველაზე კარგი იქნება კონკრეტული პირებისთვის ფინანსური სანქციების დაწესება. ამათ რომ უსმინო, დონალდ ტრამპს “ქართულ ოცნებაზე” ფიქრით არ სძინავს. ის გააკეთებს იმას, რასაც მრჩევლები ურჩევენ და რაზეც ევროპელ კოლეგებთან მოილაპარაკებს. ამის გათვალისწინებით კი, მერწმუნეთ, “ქართული ოცნება” კარგს არაფერს უნდა ელოდოს”, – ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილს რა ჰგონია და რატომ უგორებს კოჭს რუსეთს. ჩემი აზრით, ის უპირველესად საკუთარი თავისთვის იღვწის. ხომ ნახეთ, რუსეთმა დაკარგა თავისი მნიშვნელოვანი საყრდენი ახლო აღმოსავლეთში ასადის რეჟიმის სახით. რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო სირია, მაგრამ ვერ დაიცვა ძალიან ბევრი მიზეზის, მათ შორის, უკრაინაში ომის, “ვაგნერის” სრულად დაშლის და სხვა მიზეზების გამო… რუსეთს აღარ აქვს ძალა, რომ მსოფლიოს ჟანდარმის როლი შეასრულოს! უკრაინაში ომმა გამოფიტა, მეტიც, იძულებული გახდა ჩრდილოეთ კორეისთვის მიემართა და მისი ჯარისკაცები ჩამოეყვანა საბრძოლველად. მთლიანად მოლპა ეს სახელმწიფო. სტრატეგიულად მას მომავალი არა აქვს. ტაქტიკურად როგორ დასრულდება ეს პროცესები, არ ვიცი. ისტორიას აქვს თავისი განვითარების გზა, რომელიც ცალსახა და წრფივი არასდროს არის – ამ გზაზე არის ხოლმე ჩავარდნები, აღმავლობა და ა.შ. საქართველოს გზა არის ევროპისკენ, ამას ვერაფერი შეეწინააღმდეგება. შეიძლება პატარა ჩავარდნები გვქონდეს, 1-2 წელიწადი ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება – ჩვენ გვეყოლება დემოკრატიული მთავრობა და გრიალ-გრიალით შევალთ ევროკავშირში ხვალ იქნება, ზეგ თუ 2030 წელს, მაგრამ, მერწმუნეთ, თუ 2030 წელს გავწევრდით, ეს კობახიძის თაოსნობით ნამდვილად არ მოხდება”, – ვარაუდობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “როგორ აფასებთ სალომე ზურაბიშვილის როლს მიმდინარე პროცესებში?” – პასუხობს:
“სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მიწურულს მიაღწია იმას, რისკენაც პრეზიდენტობის დასაწყისიდან მიილტვოდა – იქცა საზოგადოების ფართო ფენების გამაერთიანებლად. ის დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდა გაერთიანების მნიშვნელობაზე და ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური ძალები მიხვდნენ, რომ ყველაზე გამოცდილი ფიგურა პოლიტიკურ ასპარეზზე სალომე ზურაბიშვილია და მას უნდა მოუსმინონ. როგორც ვვარაუდობდი, მან არ ჩამოაყალიბა ცალკე პოლიტიკური ძალა, ბევრი იღვაწა და იქცა პოლიტიკური პროცესის ლიდერად. მადლობა ღმერთს, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანესი რუპორია დასავლეთში. ამას მიხვდნენ ოპოზიციაშიც. ძალიან კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან კი არა, ხალხთან ლაპარაკობს”.
“მიუხედავად კრიტიკული ვითარებისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენი გზა საბოლოოდ გამარჯვების გზაა! იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ტრიალებს, აქვს ერთი ძალიან პოზიტიური მახასიათებელი – სწორედ ასეთ ბრძოლაში იჩეკება და შემდეგ ხორცს ისხამს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დღეს გაცილებით უფრო გამჭრიახი და მძლავრია. დღეს პოლიტიკური ლიდერები არ არიან მთავარ როლში. რაც მთავარია, იმ ხალხს, ვინც პროტესტს აცხადებს, ძალაუფლებაზე პრეტენზია არა აქვს. ეს ხალხი დარჩება ამომრჩევლად და შემდგომ ხელისუფლებასაც ზუსტად ასევე მოექცევა, როგორც ახლა ექცევა “ქართულ ოცნებას”, თუ ის შეცდომებს დაუშვებს. “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ მან გადაწყვიტა შეეზღუდა სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო მოძრაობის წევრები უცხოეთის აგენტებად მოენათლა. ეს იყო საკრალური, გამოუსწორებელო შეცდომა, რასაც ეს პარტია კრახისკენ მიჰყავს”, – დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.
“ვეიმარის სამკუთხედის” გეგმა “ბე” – ევროკავშირის ქვეყნებმა ქართველი მაღალჩინოსნები, შესაძლოა, ცალ-ცალკე დაასანქცირონ
“ევროკავშირში, შესაძლოა, “მსურველთა კოალიცია” ჩამოყალიბდეს, რომელშიც ის სახელმწიფოები შევლენ, ვისაც მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ორშაბათს ევროკავშირი ვერ შეძლებს სანქციებზე შეთანხმებას. რამდენად რეალურია გერმანულ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია და რა პოლიტიკური შედეგები ექნება ამასა? “ამის შემდეგ რთული იქნება იმ ცალკეულ ქვეყნებთან, ანუ სანქციების ინიციატორ სახელმწიფოებთან, ნორმალურად ურთიერთობის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს “ცივი ომის” გამოცხადებას, გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა”, – განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ “რეზონანსთან” ამ თემაზე საუბრისას. ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს კი მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა რეალურია და ევროპის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ვეიმარის სამკუთხედის” გეგმა “ბე” – ევროკავშირის ქვეყნებმა ქართველი მაღალჩინოსნები, შესაძლოა, ცალ-ცალკე დაასანქცირონ.
“ნებისმიერი სანქციის განხორციელება რეალურია, მთავარია მონდომება. მთავრი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია. თუ მას სანქციები ისე შეეხება, რომ ის დაფიქრდება, რომ ევროპა მას არ ეთამაშება, ბევრს რამეს მიხვდება. ჯერ მას ჰგონია, რომ ევროპას საქართველო მაინც სჭირდება. ამიტომ ის ისე უნდა დაასანქცირონ, რომ გაიგოს – ეს ასე არაა”. როგორც გერმანული “შპიგელი” თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, გერმანია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს და უნგრეთის მიერ მათი დაბლოკვის შემთხვევაში, გეგმა “ბე”-ზე მუშაობს. მათივე ცნობით, იგეგმება “მსურველთა კოალიციის” ჩამოყალიბება, სადაც შევლენ ის ქვეყნები, რომლებიც სანქციებს ემხრობიან. ამის ინიციატორები კი “ვეიმარის სამკუთხედის” ქვეყნები არიან – გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი. გერმანული გამოცემის წყაროების თანახმად, სანქციებთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინიციატივა 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება გაჟღერებული. ამას ევროკავშირის დონეზე თავის კოლეგებთან გერმანიის ევროპის საქმეთა მინისტრი, ანა ლურმანი წარადგენს.”, – აღნიშნავს გამოცემა.
“წყაროების ცნობით, გერმანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ სანქციები საქართველოს მოსახლეობას არ შეეხოს. “ვეიმარის სამკუთხედის” სათადარიგო გეგმა ძირითადად საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებისათვის პერსონალური შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. “შპიგელის” ინფორმაციით, უნგრეთის გარეშე მოქმედების გეგმა “ვეიმარის სამკუთხედის” ფარგლებში გერმანიის ევროპის მინისტრმა ანა ლურმანმა, პოლონეთის ევროპის მინისტრმა ადამ შლაპკამ და საფრანგეთის ევროპის მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა განიხილეს. აღსანიშნავია, ამგვარი პრეცედენტი უკვე არსებობს. დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირის წევრმა 3 სახელმწიფომ – ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ – გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და აღმსარულებელი ხელისუფლების 9 წარმომადგენელს. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუკი ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან სანქციები მართლაც დაწესდა, ეს მნიშნელოვნად გააუარესებს საქართველოს ურთიერთობას როგორც ამ ქვეყნებთან, ისე ზოგადად ევროკავშირთან ეს ურთიერთობები ფაქტობრივად “ცივი ომის” რეჟიმში გადავა”. პაატა ზარეიშვილის აზრით კი, თუ ევროპა მყისიერ ზომებს მიიღებს, “ქართული ოცნება” დათმობაზე წავა”, – განაგრძობს გამოცემა.
“თუ ეს მართლა განხორციელდა, რასაკვირველია, ამას მხოლოდ ნეგატიური პოლიტიკური შედეგები მოყვება. საქართველოს და ევროკავშირს შორის დაზიანებულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. შესაბამისად, ეს ურთიერთობები შევა ისეთ ღრმა კრიზისში, რომ შემდეგ ამ პროცესის შემობრუნება ძალიან რთული და ხანგრძლივი იქნება. არ ვიცი ეს ინფორმაცია ვინ გაავრცელა და რამდენად სწორად მოიტანეს ქართულ მედიამდე, მაგრამ თუ, დავუშვათ, ეს მოხდა, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები შესაძლოა სერიოზულად გაუარესდეს. მეორე საკითხია რა სანქციებზეა საუბარი. თუ ეს არის ეკონომიკური ტიპის და ფინანსური სანქციები, ალბათ ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პროგრამები ისედაც შეჩერებულია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“თუ მათ დაასანქცირეს მთავრობის მეთაური, მინისტრები და ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო დაბალ დონეზე გადავა. ფაქტობრივად, განულებაზე შეიძლება იყოს საუბარი. შენ თუ ასანქცირებ კანდიდატი ქვეყნის მთავრობის მეთაურს, წევრებს, პარლამენტარებს და ა.შ., თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მათ ურთიერთობები დაღმავალი მიმართულებით მიჰყავთ. ამის შემდეგ რთული იქნება იმ ცალკეულ ქვეყნებთან, ანუ სანქციების ინიციატორ სახელმწიფოებთან ნორმალურად ურთიერთობის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს “ცივი ომის” გამოცხადებას, გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა”, – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“როგორც ჩანს, ევროპაში ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, რომ რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, მთელი ხალხის ნების გამოხატულებაა. რეალურად კი ეს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებაა. საზოგადოება შუაზე გახლეჩილი არაა. არსებობს ევროპის მომხრე ადამიანები და მეორე მხარეს არაფერი არ უნდა, მათ არაფრის გაკეთების მოტივაცია არ აქვს და რასაც ეტყვიან, იმას ეთანხმებიან… ეს ყველაფერი ევროპამ უნდა გაიგოს. ან ევროპა იქნება, ან საშინელი განუკითხაობა, რასაც “ოცნება” ახორციელებს. მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია. თუ მას სანქციები ისე შეეხება, რომ ის დაფიქრდება, რომ ევროპა არ ეთამაშება, ბევრს რამეს მიხვდება. ჯერ მას ჰგონია, რომ ევროპას საქართველო მაინც სჭირდება. ამიტომ ის ისე უნდა დაასანქცირონ, რომ გაიგოს – ეს ასე არაა. ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლება ახალ არჩევნებზე უნდა წავიდეს. შეიცვლება ცესკოს ადმინისტრაცია. არჩევნები უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, სადაც ეჭვი აღარავის შეეპარება პროცედურებში. ვინც გაიმარჯვებს – ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ გაყალბების მიმართ ეჭვები აღარ უნდა არსებობდეს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
ვახტანგ ძაბირაძე – “ზურაბიშვილს მაინც მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და კერძო ოფისის გახსნა“
“ძალზე დაძაბული ვიყავი შაბათს, იმიტომ, რომ ხელისუფლების განცხადებები და მოწოდებები, ჩვენი მომხრეები მობრძანდით ბავშვებთან ერთად ნაძვის ხის ასანთებადო, და ამასთანავე ის, რომ პროტესტანტები პროტესტს არ წყვეტენ, ქმნიდა ისეთ სიტუაციას, რომ შეიძლებოდა სამოქალაქო დაპირისპირება დაწყებულიყო და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამას მშვენივრად გამოიყენებდა. როგორც იქნა, ხელისუფლებამ და კალაძემ მიიღეს, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება, როდესაც უარი თქვეს ნაძვის ხის ანთებაზე და თავიდან ავიცილეთ დაპირისპირება. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ის დაიწყო და მისი გაჩერება უკვე წარმოუდგენელია. ამ პროტესტს არა ჰყავს კონკრეტული ლიდერი, პოლიტიკური სპექტრი არ არის მისი მოთავე. ეს არის ხალხი, რომელმაც უეცრად დაინახა საფრთხე, რომ ევროპისკენ კი არა, შეიძლება რუსეთისკენ გადავუხვიოთ და რეალურადაც ასეა, ხომ? ამიტომ ეს ხალხი გამოდის და აპროტესტებს”, – აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ზურაბიშვილი არ დატოვებს პრეზიდენტის სასახლეს, ძალით დაატოვებინებენ“.
“მათ ძირითად ასაკობრივ შემადგენლობას თუ შევხედავთ, ეს არის საშუალო და ახალგაზრდა თაობა, ისინი, ვინც ხვალ-ზეგ ქვეყნის მართვის, პოლიტიკის, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების სიმძიმე უნდა იტვირთოს… და როდესაც ასეთი გამოსვლებია, ხელისუფლება, ბუნებრივია, დაიბნა, რადგან დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია. წინა პერიოდში პროტესტის მაორგანიზებელი ყოველთვის იყვნენ პოლიტიკური ძალა, ქარიზმატული ლიდერები და ა.შ., მაგრამ დღევანდელი ვითარება სრულიად სხვაა. ალბათ, დამეთანხმებით, რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას ან, გნებავთ, იმ ოთხ ოპოზიციურ პარტიას რომ ჰქონდეს 20-30%-იანი შანსი, რომ ეს მიტინგი მათ დაემორჩილება, ახლავე აიღებდნენ ხელში მეგაფონს, მაგრამ არა აქვთ ამის იმედი. უფრო პირიქით, მიაჩნიათ, რომ თუკი სააშკარაოდ შეეცდებიან მიტინგის დამორჩილებას, უარეს შედეგს მიიღებენ. დღეს საქართველოში მართლაც სამოქალაქო საზოგადოება იბადება, რომელიც აცნობიერებს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ავტორიტარიზმმა ქვეყანაში, რომელიც აცნობიერებს, რომ დასავლური ღირებულებები, როგორც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, მხოლოდ ლგბტ არ არის, და თუ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნულობა, ეს ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი დასავლეთთან ინტეგრაციით და არა პირიქით. ამიტომაც ძალიან კარგია ეს ხალხი რომ გამოდის, მას შეგნებული აქვს, რომ ამისთვის უნდა იბრძოლოს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ვფიქრობ, ხელისუფლებაც ნელ-ნელა იწყებს გააზრებას, რომ ქვეყანაში სერიოზული კრიზისია. ამ პროცესში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და უნდა აღინიშნოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წვლილიც, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პროტესტანტებმა არ უნდა იჩქარონ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ პროცესს, უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებასა და მათ მხარდამჭერებს, რომ გააცნობიერონ არსებული რეალობა. ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, რომ თანდათან გააძლიერონ წნეხი მთავრობაზე და ასე უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. ამ ახალ არჩევნებში კი, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, “ოცნება” არ დარჩება 5%-იან ბარიერს მიღმა. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვგულისხმობ მართლა თავისუფალ არჩევნებს, “ქართულ ოცნებას” იმდენი რესურსი აქვს, რომ პარტიებს შორის მაინც პირველ ადგილს დაიკავებს. მე არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” არ მიმაჩნია ისეთ ძალად, ვისაც ამ პოლიტიკური კრიზისიდან შეუძლია ქვეყნის გამოყვანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. თუ ამას დაემატება ახალგაზრდების ის გულწრფელობა, რაც დღეს აქვს ამ პროტესტს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დონეს მაინც მიაღწევს საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, რაც იყო თუნდაც ბალტიისპირეთში ამ 30 წლის წინ”, -განაგრძობს რესპონდენტი.
“ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მთლად ისე არ არის საქმე, როგორც ლაპარაკობს. ღმერთმა ნუ ქნას, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს, რადგან ეს კატასტროფა იქნება უპირველესად ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვისაც. მესმის, რომ ძალიან ძნელია მოსთხოვო მათ, ვისაც თავ-პირი დაალეწეს, ცივი გონებით მსჯელობა, მაგრამ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ მივიდეთ არჩევნებამდე ისე, რომ ქვეყანა დიდ შარში არ გავხვიოთ. ცხადია, არავინ არავის არ სთხოვს, ხვალ-ზეგ ერთმანეთს ჩავეხუტოთ, მაგრამ ეს არჩევნებიც ხომ იმისთვის გვინდა, რომ ქვეყანა უკეთესი იყოს? მაშინ, თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ქვეყნისთვის ვიბრძვით, უნდა ვიცოდეთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისვლა დაუშვებელია. ბოლო დღეებია, რუსთაველზე არც პოლიცია დგას და არც რობოკოპები თუ სხვა ხალხი, არც პარლამენტში შევარდნილა ვინმე – ანუ მიხვდა ხელისუფლება, რომ დაპირისპირების პროვოცირება არ იქნებოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს ისეთი მეზობელი, რომელიც დაპირისპირების პროვოცირებას შეეცდება, ისევე, როგორც ეს თუნდაც 1990-იან წლებში, როდესაც დღემდე არავინ იცის, ვინ და როგორ დაიწყო. მერწმუნეთ, ძალიან ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ “ოცნება” მართლა დასავლეთისკენ მიდის და ვერ მოსთხოვ მომენტალურად გაიაზრონ პროცესები” – განმარტავს ანალიტიკოსი.
“მიუხედავად ყველაფრისა, დღეს მაინც ვიღაცას ჰგონია, 20 იანვარს ტრამპი თეთრ სახლში რომ დაჯდება, “ოცნება” მასთან იმ დღესვე ყველაფერს მოაგვარებს. ამას თუ დავამატებთ იმასაც, რომ ამ პროცესიდან მთლად უდანაკარგოდ ვერ გამოვალთ და იქნება სანქციები, შეზღუდვები, რაც ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე ძალიან ცუდად იმუშავებს, მაგრამ ჯობს, ასე თანდათანობით მივიდეთ მიზნამდე, ვიდრე ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა იყოს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც დღეს არ ჩანს. შესაძლოა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღონ. მე არა ვარ დარწმუნებული, ავცდებით თუნდაც იმ ვარიანტს, რომ ივანიშვილს ჩვენმა პარტნიორებმა უსაფრთხოების გარანტიები არ შესთავაზონ. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ტრაგედია. თუ ხალხი, ვინც დღეს რუსთაველზე დგას და ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებს, მართლაც ჩამოყალიბდება როგორც სამოქალაქო საზოგადოება, არანაირი ხელისუფლება საშიში აღარ იქნება. მაგრამ, თუ ეს ხალხიც ჩათვლის, რომ ახლა არჩევნები ჩატარდება და ჩვენ არაფერი აღარ გვეხებაო, მაშინ შესაძლოა ისევ იმ წრეზე წავიდეთ”, – მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
“არ ვიცი, ზურაბიშვილი რას გულისხმობს, როდესაც ამბობს, არ გადავდგებიო, ფაქტია, დღეს ხელისუფლება ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციით, არამედ ძალოვანი სტრუქტურებით. ვფიქრობ, ინაუგურაცია გაიმართება და ინაუგურაციის შემდეგ თუ ზურაბიშვილი არ დატოვებს პრეზიდენტის სასახლეს, ძალით დაატოვებინებენ. ის, რომ პარლამენტსა და ახალი პრეზიდენტის არჩევნებს არალეგიტიმურად ვთვლით, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ზურაბიშვილი დარჩება იურიდიულად პრეზიდენტად. ზურაბიშვილი უნდა დარჩეს პოლიტიკაში, ის დღეს მთავარი ფიგურაა, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ზურაბიშვილი ნეიტრალურია, არ გამოხატავს არც ერთი პარტიისადმი კუთვნილებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ყაველაშვილი არალეგიტიმურია და ასე მიგვაჩნია არა მხოლოდ საზოგადოების დიდ ნაწილს, არამედ კონსტიტუციონალისტების უმეტესობასაც, მაგრამ ზურაბიშვილს მაინც მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და კერძო ოფისის გახსნა. ორხელისუფლებიანობა ამით ვერ და არ იქნება, მაგრამ თავად ეს პროცესი ხელს შეუწყობს პარტნიორებთან ურთიერთობასა და იმას, რომ გაზაფხულისთვის არჩევნები დავნიშნოთ”, – დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე – “ამ პროცესში გარდამტეხი მაკრონის ივანიშვილთან დარეკვა იყო, თუ სხვა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა?” – პასუხობს:
“რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ივანიშვილთან დარეკვით მოხდა მათი ლეგიტიმაცია, ეს სრული სისულელეა. პრემიერთან რომ დაერეკა, ამას კიდევ ექნებოდა რამე საფუძველი, მაგრამ მან დარეკა პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, რითაც ამათი მართვის მთელი სისტემა გაშიშვლდა. ამ ზარით გამოჩნდა, რომ ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმაც და იციან ძალიან კარგად, ვის და როგორ ელაპარაკონ. არ გამოვრიცხავ, მათ ივანიშვილის უსაფრთხოების თემებზეც ელაპარაკათ, ამას კი შემდეგ მოჰყვა მაკრონის განცხადება და როდესაც ევროპის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტი ერთვება ჩვენს საკითხში, ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. იმედია, გერმანიაც და პოლონეთიც ძალიან მალე ჩაერთვებიან ამ პროცესში, რა თქმა უნდა აშშ-ც, ინგლისი კი უკვე ჩართულია. ასე რომ, ეს იმდენად მძლავრი პროტესტია, ამის იგნორირებას ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ შეძლებს”.