29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმის საკვებზე 516 185 ლარი დაიხარჯა
თბილისში უკვე მე-18 დღეა უწყვეტი აქციები მიმდინარეობს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას მოჰყვა. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე უარს ამბობს.
როგორც ვიცით, დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალური საშუალებები და საპოლიციო ძალები არაერთხელ გამოიყენა.
ჩვენ დავინტერესდით, ამ დღეების განმავლობაში, სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების რაზმის კვება რა დაუჯდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შსს სამინისტროს მომსახურეების კვებით უზრუნველყოფისთვის ტენდერი ( NAT240011020) ზაფხულში, ივლისში გამოაცხადა და შპს „სთარ ფუდთან“ ხელშეკრულება 16 ივლისს გააფორმა, რომლის ღირებულება 200 000 ლარი იყო. ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიას შს სამინისტროსთვის 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 12 საათის განმავლობაში ერთჯერადად არანაკლებ 5000 ლანჩის ნაკრების დამზადება უნდა შესძლებოდა. ჯამში, 26 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე, კომპანიამ სამინისტროს 199 385 ლარის ღირებულების 22 530 ლანჩის ნაკრები მიაწოდა და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხაც ამოიწურა.
„სტარ ფუდი“ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, 2024 წლის 11 ივნისს დარეგისტრირდა, შსს-თან ხელშკრულება კი დარეგისტრირებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 16 ივლისს გააფორმა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თამარ სულაძეა, მასზე რაიმე ტიპის ინფორმაცია ღია წყაროების საშუალებით ფაქტობრივად არაფერი იძებნება (გარდა იმისა, რომ მას 2020 წელს „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისგან“ მიღებული აქვს ანაზღაურება).
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე მიზნით ახალი ტენდერი (NAT240023534) 28 ნოემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 11 დეკემბერს მთავრდება. ტენდერის ღირებულება 300 000 ლარია.
რადგან გამოცხადებული ტენდერი ჯერ დასრულებული არ არის, მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმის საკვებით უზრუნველსაყოფად, 1 დეკემბრიდან – 5 დეკემბრის ჩათვლით, გამარტივებული შესყიდვით 32 000 ლანჩის ნაკრები შეისყიდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 316 800 ლარი შეადგინა.
შესაბამისად, 26 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოსაკვებად ჯამში 516 185 ლარის 54 530 ლანჩის ნაკრები შეისყიდა.
ლანჩის ნაკრებში 1 ცალი სენდვიჩი (პური – არანაკლებ 100 გრ. ყველი -არანაკლებ 50 გრ. ლორი – არანაკლებ 70 გრ., 1 ცალი შოკოლადი (50-55 გრ) და 1 ცალი პეპსი (0.5 ლ) შედის. თითოეული ლანჩის ნაკრების ღირებულება 8.35-8.85 ლარს შეადგენს.
როგორც ვიცით, დედაქალაქში აქციები ე.წ. „რუსული კანონის“ ხელმეორედ დაინიციირების შემდეგ, აპრილ-მაისის თვეშიც იმართებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და სპეცრაზმელების საკვებით უზრუნველყოფისთვის ტენდერი 21 მარტს გამოაცხადა (NAT240006162). ტენდერს ერთადერთი მონაწილე შპს „ევროპული საცხობი“ ჰყავდა. ხელშეკრულების ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა. იმ პერიოდში, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, სულ 16 650 ლანჩის კომპლექტი იქნა შეძენილი. შპს „ევროპული საცხობის“ დირექტორი ალექსანდრე ნორაკიძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს „დეგუსტო ინტენრეიშენალია“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლანჩის ნაკრების შემადგენლობაში გაზიანი სასმელიც შედის. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, 2024 წლის 15აპრილს კომპანია „ევროპული საცხობის“ ხელშეკრულების პრეისკურანტის მიხედვით, ლანჩის შემადგენლობაში გაზიან სასმელად კოკა-კოლა იყო მითითებული, ხელშეკრულებაში ცვლილება 19 აპრილსვე შევიდა და კოკა-კოლა პეპსით ჩანაცვლდა. მენიუდან ასევე ამოღებული იქნა ბოსტნეული.
აპრილ-მაისის პერიოდში, შსს-მ სპეცრაზმელებისთვის ლანჩის ნაკრები გამარტივებული შესყიდვითაც შეიძინა, სულ 515 244 ლარის. ჯამში, აპრილ-მაისში სპეცრაზმელების კვებაზე 665 244 ლარი დაიხარჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე სპეციალური დანიშნულების რაზმის კვებასთან დაკავშირებული გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება არ იძებნება. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში, სამინისტრო ლანჩის ნაკრებებს რომელი კომპანიისგან ყიდულობს.
აქვე აღვნიშნავთ, 28 ნოემბრიდან დღემდე აქციების მონაწილე 460-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ადმინისტრაციული წესით – 430, სისხლის სამართლის ბრალდებით – 31. 300-ზე მეტი ადამიანი არის ნაცემი, 80-ზე მეტ დაკავებულს ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა, დაშავდა, დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს, დაკავებულთა შორის 10 უცხოელია, ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა.
წყარო: factcheck.ge