საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას – პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს აზრის მშვიდობიან გამოხატვას და დგას ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის გვერდით.
„ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვდგავართ თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების პრინციპებზე. თავისუფალი მედია აბსოლუტურად აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს კი, თუ სურს გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს იმავე ღირებულებებს. ეს არის ჩვენი საერთო ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება.
ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზრთა მრავალფეროვნებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანებს, თავიანთი აზრის მშვიდობიანად გამოხატვაში. სწორედ ამიტომ, ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თბილისის და სხვა მრავალი ქალაქის ქუჩებში, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. გვესმის მათი ხმა, რომ სურთ უკეთესი მომავალი საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის გვერდით, მათი ევროპული არჩევანის გვერდით“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.