ჟიგიმანტას პავილიონისი პაველ ჰერჩინსკის – გრცხვენოდეთ, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.
„გრცხვენოდეთ, პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, – წერს პავილიონისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი „შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“.
ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის „ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას”.
„კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის.
ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას.
თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად.
ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას”, – ნათქვამია ინორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო