კატასტროფული კადრები, რაც ვნახეთ, ასახავს ღრმა სახელისუფლებო კრიზისს და ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობას, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობას გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის განცხადებით, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები სრულად მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა და ვერავის გადააბრალებენ.
“ეს კატასტროფული კადრები, რაც ვნახეთ, ასახავს ღრმა სახელისუფლებო კრიზისს და ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობას.
ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმები, სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხით ძალადობრივი ჯგუფების მიერ, პოლიციის თვალწინ, საზოგადოების დაშინების გარდა, სამოქალაქო დაპირისპირებას უკიდურესად აღრმავებს.
ეს სრულად მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა და ვერავის გადააბრალებენ. მხოლოდ ძალით და კომპრომისის გარეშე, საკუთარ ხალხთან, მითუმეტეს ახალგაზრდობის დიდ ნაწილთან ბრძოლა არ გამოვა.
ამგვარი სცენარი, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია და ჩვენს ქვეყანას სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ამიტომაა ახალი არჩევნების დანიშვნა ვითარების ნორმალიზების გზა და ესაა მთავარი მოთხოვნაც.
მანამდე, ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პროტესტის მონაწილის გათავისუფლება და რეპრესიების შეწყვეტა!
მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული, კობა ხაბაზი გუშინ და მანამდე გურამ როგავა, ზვიად მაისაშვილი, მარიამ გაფრიდაშვილი, სხვებიც, ფატალურ შედეგს საბედნიეროდ გადაურჩნენ, მაგრამ აგრესიის და ძალმომრეობის არსებული გარემო, დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს. ასე ქვეყნის მართვა ვერ გაგრძელდება, საქართველოში ავტოკრატია და რუსული სცენარი ვერ გაიმარჯვებს!”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.