უკვე მე-2 დაკავებული ამბობს, რომ მოსთხოვეს კამერაში ეთქვა – “ხარება მაგარი კაცია”

აქციაზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი კიდევ ერთი მოქალაქე ჰყვება, რომ მას ხარებას – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის ქებას აიძულებდნენ. მიშა მეტრეველი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთა კამერა ჩართო და მოსთხოვა გაემეორებინა ფრაზა: “ხარება მაგარ კაცია”. უარის მიღების შემდეგ მისი ცემა გააგრძელეს.
“ფიზიკურად გვისწორდებოდა 6 შავნიღბიანი ერთდროულად და შემდეგ სცადეს ვიდეოს გადაღება, სადაც მოგვთხოვეს გვეთქვა ფრაზა: “ხარება მაგარი კაცია” რაზეც მტკიცე უარი მიიღეს ჩვენგან და ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ 2 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ გადაგვცეს საპატრულო ეკიპაჟს და მოხდა ჩვენი გადანაწილება სხვადასხვა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. იზოლატორში 30 საათიანი ყურყუტის შემდეგ გადაგვიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მხოლოდ აქციის მონაწილეების საქმეები განიხილებოდა და ყველას ერთნაირად შეთხზული სცენარით დებდნენ ბრალს და უსჯიდნენ 7 დღემდე პატიმრობას. წინასწარი დაკავების იზოლატორებში თავისუფალი ადგილები აღარ იყო და უწევდათ სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება”, – აცხადებს მეტრეველი.
ის იხსენებს მისი დაკავების დეტალებსაც. მეტრეველი დააკავეს ბესიკის ქუჩაზე, იმ მომენტში, როცა წაქცეული მოქალაქის წამოყენებას ცდილობდა. როგორც კი მასთან სპეცრაზმელები მივიდნენ, უთხრა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა და ჩაბარდებოდა. ასე შეეცადა ის ფიზიკურ ანგარიშსწორების თავიდან არიდებას. თუმცა, სპეცრაზმელებმა მისი ცემა იმ წუთასვე დაიწყეს.