საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს საპროტესტო აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საია-ს ცნობით, 6-7 დეკემბერის საპროტესტო აქცია მშვიდობიანი იყო, მაგრამ შსს-მ სრულად უსაფუძვლოდ აქციის სრულმასშტაბიანი დარბევა დაიწყო.
“ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. 6 დეკემბერს მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე პოლიციელები კვლავ უკანონოდ ჩხრეკდნენ ადამიანებს. პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ატარებდნენ ზედაპირულ შემოწმებას. მედიის კადრებში აშკარად ჩანს, თუ როგორ არღვევენ პოლიციელები კანონს და აშკარად სცდებიან ზედაპირული შემოწმების ფარგლებს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ზედაპირული შემოწმებაც უნდა ემყარებოდეს კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს. აღნიშნული მიუთითებს, რომ პოლიციელები მასობრივად ასრულებენ უკანონო ბრძანებას დემონსტრანტების დასაშინებლად. უკანონო ჩხრეკის პროცესში დააკავეს რამდენიმე პირი.
მიუხედავად იმისა, რომ 6-7 დეკემბერს აქცია მშვიდობიანი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო აქციის სრულმასშტაბიანი დარბევა (00:33 საათიდან). სპეცრაზმმა დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია (00:40 საათისთვის). ამ დროისთვისაც, საპოლიციო ძალები უსაფუძვლოდ და ძალადობრივად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
საია-ს თქმით, აღსანიშნავია, რომ, პარლამენტის წინ დარბევის დაწყების შემდგომ რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, განლაგდა სპეცრაზმი, რომელიც აქციიდან რუსთაველის მეტროსკენ მიმავალ ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებდა.
ამასთან, სპეც.რაზმელები სპეციალური საშუალებებს უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებდნენ.
“მთელი ღამის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. მეთოდები – მეტროდან ამომავალ პირთა ჩხრეკა, აქციიდან წამოსული მშვიდობიანი ადამიანებისთვის ჩასაფრება – მიზნად ისახავდა მოქალაქეების დაშინებას და მათთვის მშვიდობიანი შეკრების ადგილას მისასვლელად დაბრკოლებების შექმნას.