გიტანას ნაუსედა – დეკემბერში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ

საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიტანას ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.
„უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება 2008 წლის ვითარებისგან, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ქვეყანაში და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ ქართული საზოგადოება ოკუპანტისა და აგრესორის წინააღმდეგ ერთად დადგა. ამჯერად, ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკას გმობს.
„ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, ამიტომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს გაუგებარია ჩვენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადმოსახედიდან“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.
„საქართველოში დეკემბერში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთანაც განვიხილავთ. ვფიქრობ, რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით, უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ვუჭერ მხარს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც შეიძლება ევროპის დონეზე დაწესდეს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
გიტანას ნაუსედას თქმით, აღნიშნულ საკითხს ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან