პროკურატურა შუამდგომლობის საფუძვლად, დაკავებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა.
სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.
პროცესზე საბა სხვიტარიძემ განაცხადა, რომ იგი გაიტაცეს და აწამეს. მისივე სიტყვებით, დაკავებისას პოლიციალმა არც კი განუმარტა განმიმარტა, რაზე აკავებდნენ, ისე გადასცეს მისთვის გაურკვეველ ოპერტიულ ჯგუფს გორის ტერიოტირიაზე.
“დიღომში მიმიყვანეს კაპეზეზე და გადამცეს 4 ნიღბიანს და მცემეს. შემამოწმეს და შემდეგ სხვადასხვა ნივთებით ხდებოდა ჩემზე ძალადობა სხვა ნიღბიანების მიერ, ხე გადამამტვირეს”, – ჰყვება სხვიტარიძე.
სასამართლო პროცესზე პროკურორი ირწმუნებოდა, რომ საბა სხვიტარიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და დაუზიანა ჯამრთელობა. მისი თქმით, საბამ თავში ჩაარტყა გარკვეული ნივთი, რის შემდეგაც პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, ბრალდების მხარეს მხოლოდ 29-წამიანი ვიდეო ჰქონდა წარდგენილი. მისი თქმით, დაპირისპირება ნიღბიანმა ადამიანებმა დაიწყეს და სწორედ ისინი პროვოცირებდნენ.
“არ ჰქონდათ მათ არანაირი ნიშანი და არც განუმარტავთ, რომ პოლიციელები არიან. კითხვაზე, თუ ვინ არიან, მათ პასუხი ვერ გასცეს. გაურკვეველი პოლიციელები, ნიღბიანები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ბრალდებულს”, – ამბობდა ჩომახაშვილი.
დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ რვა ადამიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
პროკურატურას მათი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლება უნდა. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულები უდანაშაულო არიან და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ შეთანხმებულ მოქმედებას.
მეცხრე დღეა საქართველოში არ წყდება პროტესტი პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. სახელისუფლებო პარტიაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი იკრიბება ყოველ საღამოს დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აქციები ძალადობრივ სახეს იძენს ხოლმე და ამ მიზეზით მოქალაქეებს წყლის ჭავლითა და ცრემლმდენი აირით შლიან.
დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს დაშავებული პოლიციელების შესახებ.
თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით.
