ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი ,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას.
როგორც მან განმარტა, ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას.
„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებაში. ამას ვერ ექნება პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ახალ ადმინისტრაციასთან ყველაფერზე ვისაუბრებთ. ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი“,- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.