არანაირი ფასი არ აქვს ჰელსინკის თუ რაღაც კომისიის განცხადებებს – განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ფასი არ აქვს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლებისა და არჩევნების მიმართ ჰელსინკის კომისიის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა.
„არჩევნების პერიოდშიც და მანამდეც, მოვისმინეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ფასი არ აქვს. მთელმა ქვეყანამ დაინახა, როგორ ჩატარდა არჩევნები – ღიად, გამჭვირვალედ. ჩვენ ასევე, მოვისმინეთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადება, სადაც პირდაპირ და ნათლად არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მთელი კამპანიის განმავლობაში იყო სიმშვიდე. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა კამპანიის ჩატარების საშუალება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში არ განხორციელდეს მეორე ფრონტი, ქვეყანაში არ მოხდეს პროცესები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება და აირჩიონ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ღირსეული ევროპული მომავალი“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, კონგრესმენმა სტივ კოენიმ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ისინი „მძაფრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „ექსტრემალური ძალადობის“ ფორმას. ასევე, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურია.