საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის ოთხი წლით გადავადება მძიმე გადაწყვეტილებაა – მტკიცედ საქართველო!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის განცხადებით, “ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის ოთხი წლით გადავადება მძიმე გადაწყვეტილებაა”.
როგორც ასათიანი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ევროპის პარლამენტის რეზოლუციის პასუხად, რაც არ უნდა უსამართლო და მიკერძოებული იყოს იგი, ევროკავშირის აღმასრულებელ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის დაპაუზება, ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებულ პოლიტიკად უფრო აღიქმება და გამართლებული არ არის.
„ვისაც ინტეგრაციულ საკითხებთან რაიმე შეხება ჰქონია და ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მცირე გამოცდილება მაინც გააჩნია, მისთვის ცხადია, რომ ევროპული პოლიტიკა რთული და მრავალწახნაგიანი პროცესია. ამ ორბიტაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საგარეო ინტერესები, ევროკავშირის ბიუროკრატია, განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკური ჯგუფები, პროფესიული გაერთიანებები და ა.შ.
გაგიკვირდებათ და, ამ გზაზე შეხვდები არაერთ ევროსკეპტიკოსს, გაფართოების ძლიერ მოწინააღმდეგეს, იდეოლოგიურად ანგაჟირებულ და უბრალოდ, პოპულისტ პოლიტიკოსს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი იმედგაცრუების მიზეზი არ უნდა გახდეს – ესაა ბუნებრივი მოცემულობა ამ გეოპოლიტიკურად არეულ სამყაროში.
ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანამ ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. უნდა გააგრძელოს ემოციების გარეშე, პრაგმატულად და ცივი გონებით, გააგრძელოს მანამ, სანამ წარმატების თუნდაც 1% შანსი მაინც არსებობს.
მტკიცედ საქართველო“, – წერს დავით ასათიანი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
“ჩვენ არ ვჩერდებით და ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას განვაგრძობთ. როგორც სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი შესრულებული გვექნება. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“,- განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი მ.