მომიტინგეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს ევროპულ მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
საპროტესტო მსვლელობაზე ისმის შეძახილები: “გამოდით”, რითაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.
აქცია გორგასლის ქუჩაზე მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.