ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს, არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი – მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმაურება.
მეზვრიშვილის თქმით, „სრულყოფილი ავტორიტარიზმის ფაზაში ვართ“.
„ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს. არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი, რის ირგვლივაც ახლა დღის წესრიგი უნდა იქმნებოდეს (მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ივანიშვილს დაეხმარება). მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა. გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა და გვეყოლება არალეგიტიმური პრეზიდენტი. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროდან არავინ აღიარებს. სრულყოფილი ავტორიტარიზმის ფაზაში ვართ და აქედან გამოსავალს უნდა ვეძებდეთ“,- წერს ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.