დიდ ბრიტანეთში სამი სამხედრო ბაზის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. BBC-ს ინფორმაციით, დრონების წარმომავლობის დასადგენად გამოძიებაში ჩართულია გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების 60-მდე სპეციალისტი.
ლეიკენჰიტის, მილდენჰოლის და ფელტუელის რაიონებში მდებარე სამხედრო ბაზების მახლობლად რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი პირველად გასულ კვირაში დააფიქსირეს, შემდეგ კი – 25 ნოემბერს ღამით.
ამ ბაზებს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ. ლეიკენჰიტში დისლოცირებული არიან ამერიკული გამანადგურებლები F-35A და F-15E.
შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დრონებს ადგილობრივ მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე რაიმე გავლენა არ ჰქონიათ. ამასთან, BBC-ს წყაროთა ცნობით, სამხედროები შიშობენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მართვასთან შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს რომელიმე უცხო ქვეყანას.
ბოლო თვეებში დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი აფართოებს დივერსიულ ოპერაციებს უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ.
ფორუმი