თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოების და საყრდენი კედლის მოწყობის დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე გზის გაფართოების მიზნით რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი აიგო, საყრდენი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სანიაღვრე ქსელი მოეწყო, სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. ასევე, გარე განათების ახალი ქსელი და LED სანათები დამონტაჟდა. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო და სპეციალური ნიშნულები დაიხაზა.
გიორგი ტყემალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის სივიწროვის გამო პრობლემა ექმნებოდათ როგორც ავტომობილებს, ისე ფეხით მოსიარულეებს.
„ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია მდებარეობს. დღემდე გზის სივიწროვის გამო სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად მოძრაობა უჭირდათ, ხოლო ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის არ არსებობდა ტროტუარი. მოსახლეობისთვის აღნიშნული პრობლემა გამოწვევად იყო ქცეული. ეს პროექტი ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადაადგილება კომფორტული გახდა როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.