ტრამპი კანადურ და მექსიკურ საქონელზე მაღალ ტარიფებს აანონსებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიზნად ისახავს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დააწესოს მაღალი გადასახადი მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე, ასევე დამატებითი ტარიფები დაუწესდება ჩინურ იმპორტს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაბამის განკარგულებას სახელმწიფოს მეთაურის რანგში პირველივე დღეს მოაწერს ხელს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის Truth-ში განაცხადა, რომელიც ტრამპის მონაწილეობით 2022 წელს ამოქმედდა.

“20 იანვარს, ჩემი ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანების სახით, ხელს მოვაწერ ყველა საჭირო დოკუმენტს, რომ მექსიკასა და კანადას დააკისროს 25 პროცენტიანი ტარიფი შეერთებულ შტატებში შემოსულ ყველა საქონელზე”, – დაწერა ტრამპმა და დასძინა, ტარიფები ძალაში დარჩება, “სანამ ნარკოტიკები, კერძოდ, ფენტანილი და ყველა უკანონო უცხოელი არ შეწყვეტენ ჩვენს ქვეყანაში შეჭრას.”
ტრამპი დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყანას აქვს საკმარისი უფლება და შესაძლებლობა, რომ თავი გაართვან ამ პრობლემას. “და სანამ ეს არ გაკეთდება, მათ ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ”, – ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა.
ჩინეთთან დაკავშირებით ტრამპმა დაწერა, რომ პეკინი “დიდი რაოდენობით ნარკოტიკებს” უგზავნის შეერთებულ შტატებს, კერძოდ ფენტანილს.

დონალდ ტრამპის ამ კომენტარებიდან მალევე ჩინეთმა განაცხადა, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან. “არც ტარიფში და არც სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არის. და მსოფლიო ამით არ ისარგებლებს”, – წერს ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელი ლიუ ვენიუ სოციალურ ქსელ X-ში.
კანადის ხელისუფლებამ აშშ-სთვის მნიშვნელოვანი უწოდა კანადასთან ურთიერთობას და აღნიშნა, რომ “კანადა უმაღლეს პრიორიტეტად მიიჩნევს საერთო საზღვრის უსაფრთოხეობას და მთლიანობას”.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!