ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული ჭავჭავაძის ქუჩა სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი 4 მეტრით გავაგანიერეთ, მოეწყო დამჭერი კედელი, გაკეთდა ტროტუარი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. საკმაოდ დატვირთული ქუჩაა და პრობლემა იყო მანქანების პარკირება, ასევე, ზემოთ არის სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საცხოვრებელი კორპუსები და შესაბამისად, პრობლემას წარმოადგენდა გადაადგილება, განხორციელებული პროექტის შედეგად კი მოქალაქეებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, ელექტროსადენები მიწის ქვეშ ჩავიტანეთ, დავამონტაჟეთ განათებების ქსელი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს ასევე გაეცნენ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.
მათივე ინფორმაციით, გზის გაფართოების მიზნით, რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა, ასევე, მოეწყო ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და გარე განათების ქსელი LED სანათებით; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები; გზის სავალ ნაწილზე შეიცვალა და დაიხაზა ასფალტის საფარი.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 300 000 ლარით დაფინანსდა.