გერმანია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის კიდევ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

უკრაინა გერმანიიდან 2024 წლის ბოლომდე ორ, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მიიღებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, კრისტიან ფროიდინგმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში გერმანიამ უკრაინას გადასცა საარტილერიო ჰაუბიცები, ტანკები, მარდერის ქვეითი საბრძოლო მანქანები და ასევე დაიწყო დრონების პროგრამა.
„შემდეგი IRIS-T SLM (საშუალო დიაპაზონის) და SLS (მოკლე დიაპაზონის) სისტემები უკრაინაში მომდევნო დღეებსა და კვირებში, შობამდე უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება შობის შემდეგაც, 1-ელი იანვრის შემდეგაც, 21 იანვრის შემდეგაც და 23 თებერვლის – ფედერალური არჩევნების შემოთავაზებული თარიღის – შემდეგაც,” – განაცხადა გერმანელმა გენერალ-მაიორმა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 17 ერთეული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა. საუბარია საშუალო მანძილზე მოქმედ 8 სისტემაზე და მცირე მანძილზე მოქმედ 9 სისტემაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს