კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნასთან და ინდივიდუალურად, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია და ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ეს შედგეს ერთობლივად ოთხივე ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პლატფორმაზე, რომელიც არის ნეიტრალური და ერთადერთი გადარჩენილი, ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში არმყოფი ინსტიტუტი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ძლიერ საქართველოს“ არც დაფინანსებასა და სხვა ბენეფიტებზე უარის თქმის ეშინია, როდესაც მეორე მხარეს ღირსება და სიმართლე დგას.
„მანდატების ერთობლივ დათმობასთან დაკავშირებული დათქმა გამოხატავს ერთობას და ხელსაყრელია მოქალაქეებისთვის, რომ სწორად აღიქვან გადაწყვეტილებების სისწრაფე და მეორე, მკაფიოობა, პრინციპულობა, რომ უკან დახევას არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ კოალიცია, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად აისახა საქართველოს პარლამენტში.
რაც შეეხება დაფინანსებას ან იმ ბენეფიტებს, რომელიც მოჰყვება საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, ჩვენ ამაზე უარი გვაქვს ნათქვამი თავის დროზე, 2020 წელს და არც ახლა არ შეგვეშინდება რაიმე ტიპის ბენეფიტებზე უარის თქმა, მაშინ, როცა აქეთ მხარეს დგას ღირსება, სიმართლე.
25 ნოემბერს, პირველ საპარლამენტო სხდომას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ დაესწრება, არ დაესწრება, მათ შორის, არც ერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია და არ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსიდან ელჩები, რომლებიც თითქოსდა არ მიიწვია პაპუაშვილმა, სინამდვილეში, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დიპლომატიური კორპუსიდან არავინ არ აპირებდა მისვლას”, – განაცხადა კუპრაძემ.