ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia” შესახებ გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის – „ECO.Georgia” ფარგლებში, გურიის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ტყეების მდგრადი მართვის გზით ემისიების შემცირება, ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის პოპულარიზაცია.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი ეროვნული სატყეო სააგენტოა. სააგენტოსა და დონორის ერთობლივი კონტრიბუციით, სამ სამიზნე რეგიონში – კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში 15 საქმიანი ეზოს მშენებლობა დასრულდა; სატყეო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის,შეძენილია მაღალი გამავლობის ავტომანქანები და სპეცტექნიკა; ტყის მართვის გეგმების შესამუშავებლად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. დღეისათვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოს 55 საქმიანი ეზო აქვს მოწყობილი, საიდანაც მოსახლეობა შეძლებს საშეშე და სამასალე მერქნის შეძენას. საქმიანი ეზოების მოწყობა ყველა მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, დავით დამენიას განცხადებით, მერქნული რესურსის სწორი გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უკანონო ტყითსარგებლობის რისკების შემცირებას.
„მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის უმთავრესი პირობაა სატყეო გზებისა და „საქმიანი ეზოების“ განვითარება. ჩვენი მიზანია, საშეშე მერქნის ღირებულება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეულ „საქმიან ეზოში“ დასაქმებულია მინიმუმ 7 ადგილობრივი მოსახლე“, – აღნიშნა დავით დამენიამ.
პროექტს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა განათლების ცენტრი ახორციელებს.
„საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს სოფლის განვითარების სააგენტოს იმ მიზნობრივი პროგრამების შესახებ, რომლებიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გულისხმობს, როგორც ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის მწარმოებლების ხელშეწყობას, ასევე, მომხმარებლებისათვის ენერგოეფექტურ ღუმელებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამიზნე მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკა – დრონები, ფოტოხაფანგები, ვიდეორეგისტრატორები, პლანშეტები და სხვა. აღნიშნული აღჭურვილობა და შესაბამისი მანქანები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეხმარება, უფრო ეფექტიანად განახორციელონ გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
საინფორმაციო შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა გურიის მოსახლეობას მათთვის საინტერესო თემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობების და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.