უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში თითქმის ორ საათს გაგრძელდა რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო დილის 9 საათისთვის გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, 79-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაახლეს კიევზე ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა სტრატეგიული ავიაციის Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებიდან. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ კიევზე იერიში მიიტანა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის რაიონიდან.
საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტები კიევთან მიახლოებამდე ჩამოყარეს. კიევის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევებით დაზიანებულია კერძო სახლები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავდასხმისთვის გამოიყენეს 19 ფრთოსანი რაკეტა, რომელთაგან 14 გაანადგურეს კიევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქში. პავლოგრადის რაიონში დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და 4 დაიჭრა. დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი.