ნოემბერში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ნაკადი 86%-ით გაიზარდა

ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრების ნაკადი 86%-ით გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133 732 მგზავრმა ისარგებლა (2022 წლის ნოემბერში 71 746- მგზავრმა).
როგორც აეროპორტების გაერთიანება იტყობინება, მგზავრების ნაკადის გარდა, იგივე პერიოდში მნიშვნელოვნად, 56%-ით გაიზარდა შესრულებული რეისების რაოდენობა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში 417 რეისს მოემსახურა (2022 წლის ნოემბერში — 268 რეისს).
რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, 11 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 1 514 280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება (2022 წლის იანვარ-ნოემბერი — 665 732 მგზავრი).
აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4 504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტია.
ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3-ჯერ შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.