ჩეჩნეთის სპეცრაზმ “ახმატის” მეთაურმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო და პოლიტიკური დირექტორატის უფროსის მოადგილემ აპთი ალაუდინოვმა განაცხადა, რომ ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
“კავკაზ.რეალიის” ცნობით, ეს არის კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობის პირველი დადასტურება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლისგან, რომლებიც მანამდე არ აკეთებდნენ კომენტარებს ამ საკითხზე.
20 ნოემბრის შუადღისას ალაუდინოვმა გამოაქვეყნა, როგორც ის აცხადებს, ყალბი ვიდეო, რომელშიც ის, ვითომცდა, ამბობს, რომ მისი დანაყოფი არ ითანამშრომლებს “კორეელთა რაზმებთან, რომლებსაც ღმერთი არ ჰყავთ გულში“.
ეს ვიდეო ნაჩვენები იყო პროპაგანდისტულ პროგრამაში “სრული კონტაქტი ვლადიმერ სოლოვიოვთან”. სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურმა განაცხადა, რომ მისი ხმა გაყალბებულია და დასძინა: “კორეელები ჩვენი ძმები არიან. ჩვენი ძმაა ყველა, ვინც ჩვენს ჯარში მსახურობს, მაშინაც კი, თუ ის აცხადებს, რომ ათეისტია, მაგრამ მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიქრისტეს არმიას და იბრძოლოს უნივერსალური ადამიანური და ოჯახური ღირებულებებისთვის, ჩვენი ძმაა,”-აღნიშნა ალაუდინოვმა.
ტელეგრამის არხი „აგენტსტვო“ ამ სიტყვებმა მიიყვანა დასკვნამდე, რომ ალაუდინოვი ადასტურებს, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობას.
ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების, ასევე ქვემეხებისა და საარტილერიო დანადგარების რუსეთში გაგზავნის შესახებ ადრე უკვე გაავრცელეს ცნობები სამხრეთ კორეის, უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა.
ვარაუდობენ, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროები მონაწილეობენ ბრძოლებში კურსკის რეგიონში, სადაც გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია. ამ ტერიტორიაზე ასევე მოქმედებს ჩეჩნეთის სპეცრაზმ „ახმატის“ დანაყოფები, რომლებსაც რამზან კადიროვთან დაახლოებული გენერალი, აფთი ალაუდინოვი კურირებს.
უკრაინის არმიამ 6 აგვისტოს დაიწყო კურსკის ოლქში შეტევა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ათეულობით დასახლებას, მათ შორის რაიონულ ცენტრ სუჯას, ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და დატყვევებული ჰყავთ რუსეთის ასობით ჯარისკაცი. კურსკის რეგიონში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ოფიციალური მონაცემებით, სასაზღვრო რაიონებიდან 130 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება უკრაინის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა, არსებული მონაცემებით, მათი რაოდენობა მინიმუმ ასეულებია.
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევის დაწყებიდან აპტი ალაუდინოვმა ათობით ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა კურსკის ოლქში მისი ქვედანაყოფის სამხედრო წარმატებების შესახებ. მან არაერთხელ დადო პირობა, რომ რეგიონში „მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში“ დაამყარებდა ვითარებაზე კონტროლს.