„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი ახალი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის.
„ბუნებაში არ არსებობს სამართლებრივი ნორმა უფლებამოსილების ცნობის შეჩერების თაობაზე. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ნორმა არის ის ნორმა, რომელიც ინდივიდუალურ ჩანაწერს შეეხება და გვარის არ მითითებას, თუ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი, ეს შეეხება ინდივიდუალურ სარჩელს კონკრეტული პირის მიმართ. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ 24 წლისაა რომელიღაც კანდიდატი და მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხთან დაკავშირებით, ცენზის გამო, შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციოში. ამის განზოგადება შეუძლებელია. სხვა ნორმა საერთოდ არ არსებობს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, როგორც იურისტმა, ზუსტად იცის, ობიექტურად განხილვის შემთხვევაში სკაონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელებს არჩევნების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფიელბს.
„თეორიულადაც არ შეიძლება ამის დაშვება — კი, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. რატომ? საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. მოსამართლე თუ ობიექტურად დაადგენს, ზუსტად ვიცი და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. დიახ, თუ ობიექტურად გადაწყვეტენ, დარწმუნებული ვარ, იურისტი ვარ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაში იმდენად სულელური სარჩელია შეტანილი, რომ ვერ დააკმაყოფილებს ვერანაირად, მაგრამ თუ სუბიექტური გადაწყვეტილება იქნება, მერე არც ზუსტად ვიცი და არც ის ვიცი, რას ჩაწერს ვიღაცა, მოსამართლე იქნება თუ სხვა“, — განაცხადა მდინარაძემ.
ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევა – ამ ორი მთავარი არგუმენტით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოოდ შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
„ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების არეალში ფარულობა ყველგან დაირღვა, რაც გულისხმობს/მოითხოვს ამ სისტემით ჩატარებული შედეგების გაბათილებას…
არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსები და მათ საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები,“ – ვკითხულობთ პრეზიდენტის სარჩელში, რომელიც მან საკონსტიტუციო სასამართლოში 2024 წლის 20 ნოემბერს შეიტანა.
სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. ცნობილია, რომ პრეზიდენტის სარჩელს სასამართლოს პლენუმი განიხილავს, თუმცა მოსამართლეებს ჯერ პრეზიდენტის სარჩელის დასაშვებობაზე არ უმსჯელიათ. ამ საქმის მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება. ანალოგიური მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს, გადაწყვეტს ამ სარჩელების დასაშვებობის საკითხს. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, თუ მოსამართლეები სარჩელების არსებითად განხილვას დაიწყებენ, პარლამენტის ახალი მოწვევის უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელი იქნება, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.