ლეგენდარული მე-9 ბლოკი სამუდამოდ გაითიშება – რომელი თბობლოკების ექსპლუატაციიდან გამოყვანა იგეგმება?

90-იან წლებში საქართველოში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მთავარი მიზეზის, გარდაბნის რაიონში მდებარე მე-9 ბლოკის ექსპლუატაციიდან გამოყვანა იგეგმება.
საქართველოს გადამცემი ქსელების განვითარების ათწლიან გეგმის (2024-2034 წლები) მიხედვით, ქვეყანაში ჯამში სამი ელექტროსადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანა იგეგმება.
გეგმის მიხედვით, ექსპლუატაციიდან უნდა გამოვიდეს შემდეგი თბოსადგურები: თბობლოკი N3, თბობლოკი N4 და თბობლოკი N9 (ე.წ. გარდაბნის მე-9 ბლოკი).
როგორც „საქართველოს ელექტროსისტემაში“ „კომერსანტს“ განუმარტეს, „აღნიშნული თბობლოკები – 3, 4 და 9 (ე.წ. გარდაბნის მე-9 ბლოკი) ნაკლებად ეფექტური მოწყობილობებია, რომელთა ჩანაცვლება მომავალში საჭიროების შემთხვევაში, ახალი, ეფექტური თბოსადგურებით მოხდება. ახალი სადგურების ექსპლუატაციაში შესვლამდე, სისტემის უსაფრთხოებისა და საიმედოობის მიზნით ჩამოთვლილი თბოსადგურები ექსპლუატაციაში დარჩებიან“.
აღსანიშნავია, რომ სამივე თბობლოკის დადგმული სიმძლავრე ამ დროისთვის ჯამში 600 მგვტ-მდეა.
ცნობისთვის, ბლოკი №9 ექსპლუატაციაში 1991 წელს გაეშვა.