ქართველ ხალხს ყოველთვის ჰქონდა თავისი ყრილობა იმპერიული მმართველობის გვერდზე , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, სანამ „ქართულ ოცნებას“ „წყალი შეუდგება“, მანამდე ამის პარალელურად ოპოზიციამ „სათათბიროში“ საქმეები უნდა აკეთოს.
“პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი არის ერთადერთი პირი, ვისაც შეუძლია მოიწვიოს სხდომა. თუ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, მაშინ პარლამენტის სხდომა წესით ვერ უნდა შედგეს. ამიტომაც არის ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში. გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძე ქოთანს საიდანაც უნდა, იქიდან აბამს ყურს, სწორედ ეგაა პრობლემა, მაგრამ კანონით , ასე არის. მაგრამ ახლა რა უნდა გითხრათ, ამის შემდეგ ჩვენ ვთქვით დღეს, რომ უნდა გაკეთდეს, ან სათათბირო დავარქვათ, ან საფიხვნო, ან საბჭო, ან სახალხო პარლამენტი, რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ეს უნდა იყოს ალტერნატიული ადგილი. ეს არის ადგილი, სადაც თავს მოვიყრით ვინც აგვირჩია და კიდე მეტი ხალხი, არავითარი ტიტულები იქ არ იქნება, ეს იქნება, როგორც სათათბირო. ამას აქვს უძველესი ისტორიული საფუძველი. უძველესი ისტორია საქართველოში ყოველთვის იყოს იმპერიული მმართველობის პრობლემა. ანუ დამპყრობელი ყოველთვის იყო. ჩვენ გვქონდა ფანჯრები როდესაც ვიყავით თავისუფლები და დამოუკიდებლები, მაგრამ პერიოდების განმავლობაში აქ იყო ხან სპარსეთი, ხან იყო ოსმალეთი, ხან იყო რუსეთი და აშ. და ყოველთვის მათ მიერ ჩამოყალიბებული სისტემის მაგივრად და გვერდზე ყოველთვის იყო სახალხო დაწესებულება, მაგალითისთვის იყო ოსმალური სასამართლოები და ოსმალეთის მიერ დანიშნული მოსამართლეები, რომელსაც ერქვა “ყადი” , მაგრამ ისინი საქმეებს იხილავდნენ თურქულ ენაზე და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას არ ესმოდა რაზე იყო მსჯელობა. ამიტომ იყო შექმნილი მის პარალელურად სახალხო კრება აჭარაში, რომელსაც ერქვა “ოლქა”, დღევანდელი სიტყვა – ოლქი. იქ იკრიბებოდნენ, ქართულად მსჯელობდნენ და თემის საკითხებს წყვეტდნენ. ხევსურეთში, „რჯული“ იყო, ადგილი სადაც ასევე განსჯიდნენ ადამიანს, აქედან არის სიტყვა, ერთი და იგივე ფუძე აქვს: სჯა, მსაჯული და აშ. ეს ერთი და იგივე ფუძე არის. ახლა მესამე, მაგალითად სამეგრელოში, ასევე იყო სახალხო ყრილობა და მას ერქვა “საზოგადოში კათუა”. ვინც მეგრული იცის, ამას გაიგებს. მე ეს ვიცი წიგნებიდან. “საზოგადოში კათუა” ანუ საზოგადო ყრილობა. იმავეს აკეთებდა. პარალელურად იქ იყო რუსული მცდელობა, რომ დამყარებულიყო რუსული წესრიგი, მაგრამ ნახეთ რა იყო პრობლემა რუსული სასამართლოების და ყველანაირი რუსული სახელმწიფო დაწესებულების, რუსულად იყო ის. ხალხს არ ესმოდა და არც უნდოდა რომ გაეგო. შესაბამისად, ხალხთან ახლოს იყო ზუსტად ის ყრილობა, რომელსაც ის აკეთებდა თვითონ. მას შემდეგ რაც დადგება მომენტი, რომ პარლამენტი შეიკრიბოს, ჩვენ რა თქმა უნდა, გავუწევთ ამას წინააღმდეგობას, ამის შემდეგ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, იმაზე რომ შევიკრიბოთ საფიხვნოში, ან სათათბიროში და დავიწყოთ მუშაობა იმ საკითხებზე რაც ხალხმა დაგვიკვეთა. იქნება ეს მინიმალური ხელფასის კანონმდებლობა, თუ იქნება ეს სასამართლოს რეფორმა, თუ იქნება ეს კანონმდებლობა, იმისთვის რომ შევიდეთ ევროპაში. ნებისმიერი საკითხი, ხომ აგვირჩია ხალხმა?! ხომ მისცა ხმა ოთხ პარტიას და ოთხ ერთობას ხომ?! და ჩვენ შეგვიძლია წინ წავიგდოთ საქმე და სანამ „ქართულ ოცნებას“ წყალი შეუდგება, და აუცილებლად შეუდგება, მანამდე ამის პარალელურად სათათბიროში საქმეები ვაკეთოთ. მგონია, რომ ამისთვის გამოგვიცხადეთ თქვენ ნდობა. და ეს იყო ისტორიული გზა, რითაც ქართველი ხალხი უმკლავდებოდა იმპერიულ მმართველობას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.