ორშაბათს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში და ადენის ყურეში მცურავი კომერციული გემი, სავარაუდოდ, იემენის ჰუთი ამბოხებულების თავდასხმის სამიზნე გახდა.
ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომის და ლიბანში ისრაელის სახმელეთო იერიშის საპასუხოდ, ამბოხებულები აწყობენ თავდასხმებს იმ დროს, როდესაც გრძელდება მათი შეტევა ნაოსნობაზე საზღვაო გზაზე, რომლითაც, წლის განმავლობაში, 1 ტრილიონი დოლარის საქონლის გადატანა ხდება.
გემის კაპიტანმა თქვა, რომ „რაკეტა ხომალდის სიახლოვეს წყალში ჩავარდა“, როდესაც წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში, ბაბ ელ-მანდების სრუტესთან მოძრაობდა, რომელიც ადენის ყურეს უერთდება.
ბრიტანეთის სამხედრო უწყების საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა გამოაცხადა, რომ პირველი თავდასხმა კვირა ღამით მოხდა. თავდასხმა იემენის პორტ მოკადან დასავლეთით, დაახლოებით, 48 კილომეტრის დაშორებით მოხდა.
ორშაბათს კიდევ ერთი თავდასხმა ადენის ყურეში, ადენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 122 კილომეტრის დაშორებით მოხდა და პირველი თავდასხმის მსგავსად, რაკეტა ხომალდთან ახლოს, წყალში ჩავარდა.
„ხომალდი და ეკიპაჟი უსაფრთხოდ არიან და დანიშნულების შემდეგი პორტისკენ მიემართებიან“, – დაამატა ბრიტანულმა უწყებამ.
ჰუთებს, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღიათ, თუმცა ამბოხებულები თავისი თავდასხმების შესახებ საათების და ხანდახან დღეების შემდეგ აცხადებენ.
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ჰუთების რაკეტების და დრონების სამიზნე 90-ზე მეტი სავაჭრო ხომალდი გახდა. ამ კამპანიის დროს, მათ ერთი ხომალდი ხელში ჩაიგდეს და ორი ჩაძირეს. ამ თავდასხმების დროს ოთხი მეზღვაური დაიღუპა. სხვა რაკეტებს და დრონებს ან აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ გადაუჭრა გზა, ან სამიზნეებს ვერ მიაღწიეს, რომელთა შორის დასავლური სამხედრო ხომალდებიც იყო.
ამბოხებულები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ისრაელთან, აშშ-თან და ბრიტანეთთან დაკავშირებული ხომალდებია და სურთ ამ თავდასხმებით ღაზაში ისრაელის ომის დასრულება აიძულონ. თუმცა, ბევრ ხომალდს, რომელსაც ისინი თავს დაესხნენ, კონფლიქტთან კავშირი არ ჰქონდა და ზოგიერთი ირანის მიმართულებით მიდიოდა.
ამბოხებულებმა რამდენიმე ამერიკული MQ-9 Reaper დრონიც ჩამოაგდეს.
11 ნოემბერს, ბაბ ელ-მანდების სრუტეში ორ ამერიკულ სამხედრო ხომალდს მრავალი დრონით და რაკეტით შეუტიეს, მაგრამ თავდასხმები წარმატებული არ იყო.