ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების (ებრაულად ცახალის) გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის და ისრაელის მთავრობის ამჟამინდელი მინისტრის გადი აიზენკოტ ვაჟი, გალ აიზენკოტი დაიღუპა რადიკალურ დაჯგუფება “ჰამასთან” (აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) ბრძოლებში. ამის შესახებ ნათქვამია სამხედრო უწყების მიერ დანაკარგის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ღაზის სექტორში ისრაელმა ორი ჯარისკაცი დაკარგა. 25 წლის უფროსი სერჟანტი გალ აიზენკოტი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით დაიღუპა.
დაღუპული ჯარისკაცის მამა გადი აიზენკოტი გენერალურ შტაბს 2015-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. ქნესეთის წევრი ოპოზიციიდან, გენერალი აიზენკოტო 12 ოქტომბერს შეუერთდა სამხედრო კაბინეტს ეროვნული ერთიანობის მთავრობაში, რომელიც ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ ჩამოყალიბდა.
ოქტომბრის ბოლოს ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელის სამხედროთა რიგებში დანაკარგი 80-ს აჭარბებს. დაღუპული “ჰამასის” მებრძოლების რაოდენობა არ არის ცნობილი. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც ეს დაჯგუფება აკონტროლებს, მხოლოდ ზოგად მონაცემებს ავრცელებს სექტორში დაღუპული პალესტინელების, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ. ამტკიცებენ, რომ ეს ციფრი 17 ათასზე მეტია.
ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს, რადგნა ისრაელის არმია განაგრძობს იერიშებს და ცდილობს კონტროლი დაამყაროს ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისზე.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 16 000-ზე მეტი ადამიანი.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
