კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პირობითი სახელით „სახალხო პარლამენტის“ იდეა ერთიანობის ფორმატის შექმნას ემსახურება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„საზოგადოება ჩვენგან მოითხოვს ერთიანობას. ჩვენ, პროდასავლურმა კოალიციებმა უნდა ვითანამშრომლოთ მჭიდროდ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ერთნი იმ მისწრაფებაში, რომ ქვეყანას დაენიშნოს ახალი არჩევნები. „სახალხო პარლამენტის“ იდეა, რაც გაჟღერდა, არის პირობითი სახელწოდება, მაგრამ მთავარი ამის უკან არის კოალიციების ერთობა იმ ძალისხმევაში, მივიღოთ ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველ ხალხს სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. პრეზიდენტს აქვს მისი ხედვა, რომელსაც გააცნობს ბრიფინგზე საზოგადოება. რაც შეეხება „სახალხო პარლამენტს“, ეს არის შეთავაზება ჩვენი პარტნიორების, სხვა კოალიციების მიმართ. მათაც იციან ამ იდეის შესახებ. ამოცანა აქ არის ერთიანობის ფორმატის შექმნა, სახელწოდება არის პირობითი. პრეზიდენტთან გვქონდა საინტერესო საუბარი, პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას თავის ხედვას დღეს ბრიფინგზე.
ეს იდეა მოითხოვს შეკრულ კონსულტაციებს სხვა კოალიციებთან, ყველა დეტალის ძალიან სკრუპულოზურად განხილვას, მაგრამ ამის უკან იდეა არის მარტივი – საზოგადოება გუშინაც ითხოვდა მიტინგზე, გაერთიანდით ოთხივე კოალიცია და ერთიანად იმოქმედეთო, რათა ამან მისცეს ჩვენს საზოგადოებას დამატებითი სტიმულიო. მხოლოდ ამ იდეას ემსახურება, რასაც პირობითად დავარქვით „სახალხო პარლამენტი““,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.