“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი “უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის”. ბოკუჩავა მიუთითებს ცესკოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც კომისიის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა.
გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. მან ტანსაცმელიც გამოიცვალა – სხდომაზე დაბრუნებულს ჰალსტუხი აღარ ეკეთა. შესვენებისას საჭირო გახდა ცესკოს სხდომის დარბაზის გაწმენდა.
“საზოგადოებამ იხილა ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც არის მთავარი შემსრულებელი რუსული სპეცოპერაციის, რის შედეგადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მიტაცება მოხდა 26 ოქტომბერს, ახლა ის უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო სწორედ ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე. მისი თქმით, “რეალურად ქვეყანაში გაუქმებულია საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლო, გაუქმებულია თავად არჩევნების ინსტიტუტი და არჩევნების უფლება”, რისი დაბრუნებაც მხოლოდ ხალხის პროტესტს შეუძლია.
ინციდენტის შემდეგ, სხდომაზე დაბრუნებულმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეები ბულინგითა და პირად სივრცეში შეჭრით ცდილობენ რეალობის გადაფარვას და, რომ “არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული”.
ცესკოს სხდომა დასრულდა მას შემდეგ, რაც არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში – 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.
ფორუმი