ანა ნაცვლიშვილი – როგორც მელა მოიტაცებს ნადავლს და შემდეგ მისი კუდი შლის ნაკვალევს, ისეა ახლა პროკურატურის დანიშნულება

როგორც მელა მოიტაცებს ნადავლს და შემდეგ მისი კუდი შლის ნაკვალევს, ეს არის ახლა პროკურატურის დანიშნულება, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პროკურატურის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიების პროცესი.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პროკურატურას მ მისცა ნებართვა და სიგნალი, რომ დაეწყო ეს გამოძიება და ახლა ის თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს ჩადენილი დანაშაულის კვალის წასაშლელად.
„პირველივე დღეს, როგორც კი გაჟღერდა პროკურატურის თანხმობა, ცესკოს დაეთანხმა პროკურატურა, ცესკომ მისცა მას ნებართვა და სიგნალი იმისა, რომ დაეწყოთ გამოძიება. თავად პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება ვერ და არ მიიღო. პირველივე დღეს, როდესაც პროკურატურამ ცესკოს ნებართვით და თანხმობით დაიწყო ცესკოს მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ აქ ადგილი ჰქონდა მცდელობას პროკურატურის მხრიდან, რომ არათუ არ გამოეძიებინა ჩადენილი დანაშაულები, არამედ გამოეყენებინა საკუთარი შესაძლებლობები იმისთვის, რომ წაეშალა ჩადენილი დანაშაულის კვალი. როგორც მელა მოიტაცებს ნადავლს და შემდეგ მისი კუდი შლის ნაკვალევს, ეს არის ახლა პროკურატურის დანიშნულება. არის ასობით სხვა საქმე, რომელიც არ გახმაურდა, მაგრამ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული, რომელიც პროკურატურამ არათუ არ გამოიძია, არამედ ძალიან სერიოზული როლი შეასრულა იმაში, რომ მართლმსაჯულება არ და ვერ აღსრულებულიყო. ასეთ პირობებში, არანაირი ნდობა პროკურატურის მიმართ, ბუნებრივია, არ არსებობს და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გამოძიების აუცილებლობაზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ, არავის არასდროს უთქვამს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოს პროკურატურას უცხადებს ნდობას და ამიტომ ითხოვს გამოძიებას. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით მიუკერძოებელ გამოძიებაზე და ქვეყნის შიგნით რომ მიუკერძოებელი გამოძიების არანაირი მოლოდინი არ არსებობს და არანაირი რესურსი არ არსებობს, ეს პრაქტიკით არის დადასტურებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო გამოძიება ანუ გამოძიება იმ პირების მხრიდან, რომლებსაც მიკერძოებული ინტერესი არ ექნებათ ამ საქმეში, რომ გაამრუდონ სიმართლე ან მტკიცებულებები გაანადგურონ თუ სახეცვლილი ფორმით შეინახონ. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა, რომ ჩადენილი რუსული სპეცოპერაცია, რასაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს, უნდა იყოს გამოძიებული, ძალაში რჩება იმ აქცენტით, რომ გამოძიება უნდა ჩაატარონ მიუკერძოებელმა და ეფექტიანმა ინსტრუმენტმა, რაც არ არის და ვერ იქნება ივანიშვილის ჯიბის პროკურატურა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დრო მოიგო და მოიმზადა საფუძველი, რათა ე.წ. ჩეკების სიები გაესუფთავებინა.
ჩვენ, „ძლიერმა საქართველომ“ 73 საოლქო კომისიაში შევიტანეთ საჩივარი სწორედ იმ მოთხოვნით, რომ ვერიფიკაციის აპარატებში არსებული სიები და ე.წ. ჩეკების სიები ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ვინაიდან სწორედ აქ იმალება ერთ-ერთი საკვანძო მტკიცებულება ს მიტაცების. 73-ვე საოლქო კომისიამ, იმისგან განსხვავებით, რასაც მას ავალდებულებდა კანონი, რომ ერთმანეთის მსგავსად ცენტრალური ინსტრუქციით კი არ უნდა ემოქმედათ, რომელიც უკანონოდ მისცა ცესკომ, დამოუკიდებლად უნდა ემოქმედა თითოეულ კომისიას და ამ კომისიებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ამ სამართლიან მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. მეტსაც გეტყვით, ერთი პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ აქ მნიშვნელოვანია გაიხსნას ის აპარატები და დადგინდეს – თუ ჩვენ ვიტყუებით, მაშინ ეს გამოჩნდება, მაგრამ თუ არ ვიტყუებით, გამოჩნდება, ვინ ჩაიდინა დანაშაული. პირველივე ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც გაიმართა არჩევნების მიტაცების შემდეგ, ჩემი სიტყვით გამოსვლის დროს, მე ვთქვი, რომ ჩვენ ვაძლევთ ცესკოს 24-საათიან დროს სიების გასაჯაროვებლად. რატომ დავთქვით ეს 24 საათი, სწორედ, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ამ სიებს დაეპატრონებოდა ხელისუფლება და დაიწყებდა მათ გაწმენდას. ამიტომ ვიდავეთ ოლქებში და შემდეგ სასამართლოში. ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, რომ დრო გაიყვანა და მოამზადა საფუძველი იმისთვის, რომ გაწმინდოს მტკიცებულებები, ეს ვეღარავის თვალს ვერ აუხვევს, ყველაფერი ნათელია. თუ მათ სიმართლის დადგენაა სურდათ, ძალიან დიდი დრო და რამდენიმე ინსტანცია ჰქონდათ, სადაც ჩვენ ვდავობდით და ვაყენებდით ამ მოთხოვნას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.