რუსეთის კრასნოდარის მხარეზე უკრაინული დრონებით დღევანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე სამხედრო აეროდრომი იყო. ამის შესახებ პირველი ცნობები დილით გავრცელდა რუსული ტელეგრამ-არხებით.
მოგვიანებით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დრონებით შეუტიეს კრასნოდარის მხარეში მდებარე სამხედრო აეროდრომ „კრიმსკს“.
ეს აეროდრომი კრასნოდარის მხარის ქალაქ კრიმსკის ჩრდილოეთით მდებარეობს. საჯარო წყაროების თანახმად, აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ძალების მე-7 ბრიგადის შემადგენლობაში მყოფი საავიაციო ბაზა და სუ-ს ტიპის თვითმფრინავები და კა-ს ტიპის ვერტმფრენები.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დილის 8 საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ მოგერიებულია კრიმსკზე დრონებით შეტევა და უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებით დაზიანებულია ერთი სახლის სახურავი და ავტომობილი.
სამხედრო აეროდრომის შესახებ არაფერი უთქვამს არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში კრასნოდარის მხარეში გაანადგურეს 36 უკრაინული დრონი.
ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე სამხედრო ობიექტებს და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს დრონებით არაერთხელ შეუტიეს.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.