საქართველო – უკრაინა | კიტეიშვილის და დავითაშვილის კომენტარები და 15 ნოემბრის განრიგი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, საგურამოში დასკვნითი ვარჯიში გამართა.
ვარჯიშამდე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, ოთარ კიტეიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრეს.
ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): “რამდენიმე დღეა რაც ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. ბოლო ორი დღეა შედარებით ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მოახლოებულ შეხვედრებს. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშები გველის. ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება
დადებითი შედეგის მისაღწევად.
განსხვავებული მატჩები ჩავატარეთ. ოქტომბერში, უფრო მეტად დაცვიდან გვეთამაშებოდნენ მეტოქეები და ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ. მსგავსი მოლოდინი გვაქვს მოახლოებულ შეხვედრებშიც, თუმცა ც მოსაგებად იბრძოლებს, ჩვენ კი, ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”.
ზურიკო დავითაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): “მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა. ვემზადებით, ვვარჯიშობთ და იმედია, რომ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, მოედანზე გადავიტანთ და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ თამაშს.
დიდი ხანია ბათუმში არ მითამაშია. ძალიან კარგი სტადიონია, სადაც ყოველთვის შესანიშნავი გარემოა. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენს გვერდით იქნება მთელი თამაშის განმავლობაში და ერთად დავამარცხებთ მეტოქეს”.
15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება, სადაც უკრაინასთან შეხვედრის მასპინძელ აჭარაბეთ არენაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია.
15 ნოემბრის განრიგი | აჭარაბეთ არენა
16:30 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
17:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
18:30 უკრაინის ნაკრების პრესკონფერენცია
19:00 უკრაინის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
nakrebi.ge