რისი ეშინია ქართულ ოცნებას და რა შეიძლება გახდეს “გადამდები”? – გია ხარჩილავა

ერთადერთ ოპოზიციურ თვითმმართველობას ქართული ოცნება ბინძური მეთოდებითა და სიცრუის მანქანით ებრძვის – განცხადებას გია ხარჩილავა აკეთებს და ხელისუფლებისა და პროპაგანდისტული მედიის ბრალდებებს პასუხობს.
“საქართველოს ხელისუფლება ვერ ეგუება ყველა სფეროში, წალენჯიხაში წარმატებული კოალიციური თვითმმართველობის არსებობას. მას ეშინია რომ ოპოზიციური არჩევანი არ გახდეს გადამდები სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. ამიტომ, მან გუშინ ისევ სადეზინფორმაციო გენერალური შეტევა მიიტანა წალენჯიხის მერიაზე. ბატონ დავით კუკავას ელემენტარულად რომ ეკითხა, გუშინვე გაიგებდა რომ დასახელებულ ციფრებზე ერთი მილიონით მეტი სამუშაო უკვე შესრულებულია და თანხა წუთი წუთზე ელოდება გადარიცხვას”, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ.
ხარჩილავას თქმით, “ოცნებას” თავისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების საშუალებით საზოგადოება შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში, თითქოს მუნიციპალიტეტში არაფერი კეთდება და ბიუჯეტი აუთვისებელია.
მისივე თქმით, ეს მაშინ, როდესაც რეალურად, წალენჯიხაში არა ბიუჯეტიდან, არამედ მეგობრების დახმარებით, ხუთი მილიონი უკვე დაიხარჯა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა აიტი აკადემია , იუვენტუსის საფეხბურთო აკადემია, ჯვარის სტადიონი და ა.შ.