საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს 93%-ი შვეიცარიაში იყიდება. წლის პირველ 9 თვეში, აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტზე 1,76 მეასედი ტონა ოქრო გავიდა, რამაც ღირებულებაში 70 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველოდან ოქროს შესყიდვით დაინტერესებული ქვეყნების სიაში მეორე პოზიციაზე თურქეთი იმყოფება, მესამეზე კი – არაბთა გაერთიანებული საამიროები. რაც შეეხება მიმდინარე წლის რამდენიმე თვის ჯამურ მონაცემებს, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველომ ექსპორტზე 76 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების ოქრო გაიტანა.
საანგარიშო პერიოდში, ქვეყნიდან 1.89 დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4-5%-ით ჩამორჩება, რადგან 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 1.99 ტონა ოქრო იყო ექსპორტირებული.
თუმცა, როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart -ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა განუცხადა, რაოდენობაში კლების მიუხედავად, ოქროს ექსპორტით მიღებული შემოსავლები, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი, რასაც ძვირფას მეტალზე გაზრდილი ფასი განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე ძვირფასი მეტალის ფასის მერყეობა შეინიშნება . დღეისათვის, 1 უნცია ოქროს ღირებულება, თითქმის, 2700 დოლარს შეადგენს.
„ძვირფასი მეტალისთვის, მიმდინარე წელი გამორჩეულია და ყოველთვიურად მისი ფასი ახალ რეკორდს ხსნის. მაგალითისთვის, ოქტომბრის ბოლოს უნცია ოქროს ფასმა 2790 დოლარსაც კი მიაღწია. ანალიტიკოსები მიზეზებს შორის – ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილ შესყიდვებს, ასევე გეოპოლიტიკურ მოვლენებს ასახელებენ. მათ შორის ამერიკაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც, ძვირფას მეტალზე მოთხოვნა გაიზარდა. ახლა კი, როცა არჩევნები დასრულებულია, ანალიტიკოსები ელიან, რომ რამდენიმე კვირა ოქროს ფასის მერყეობა იქნება, შემდეგ კი მისი ღირებულების ზრდა გაგრძელდება“, – აღნიშნა სერგი ყურაშვილმა.
დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ოქროზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, ჯერ ფასების მატება დასრულებული არ არის. ამასთან, მსოფლიოში კვლავ არსებობს არაერთი გეოპოლიტიკური რისკი, კვლავ რჩება კონფლიქტის კერები.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, აქ ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებს ასახვა უკვე ჰქონდა. ადგილობრივ კომპანიებში ამბობენ, რომ მათ შესასყიდი სუფთა ოქრო მნიშვნელოვნად გაუძვირდათ, რის გამოც, ოქროს ნაკეთობების ფასების დაკორექტირებაც მოუხდათ. კერძოდ, ოქროს ნაკეთობების მწარმოებლების ინფორმაციით, სექტემბრიდან ამ დრომდე, ნედლეულად გამოსაყენებელი 1 გრამი სუფთა ოქრო 32 ლარით არის გაძვირებული.