ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს დაარწმუნა ნატო, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე რამდენიმე თვით ადრე, გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას და შეეცდება ამავდროულად გააძლიეროს ალიანსიც.
ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება რუსეთის დასახმარებლად უკრაინის ომში “ითხოვს და მიიღებს მტკიცე პასუხს”.
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეუძლია ომი რუსეთსა და უკრაინას შორის ერთ დღეში დაასრულოს, თუმცა, როგორ მოახერხებს ამას, ამის შესახებ არ უსაუბრია.
ბლინკენმა ალიანსის შტაბ-ბინაში რუტესთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მათ განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხი და ნატოს მიერ გასაწევი სამუშაო, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გასაძლიერებლადაა საჭირო.
ამერიკის მიმავალი ადმინისტრაცია „განაგრძობს ყველაფრის გამყარებას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ უკრაინისთვის“, რათა უზრუნველყოს, რომ მას შეუძლია ეფექტურად იბრძოლოს მომავალ წელს, ან დაამყაროს მშვიდობა რუსეთთან ძლიერი პოზიციიდან, თქვა ბლინკენმა.
ბაიდენი „ყოველ დღეს გამოიყენებს იმისათვის, რომ გააგრძელოს ის, რაც გავაკეთეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც ამ ალიანსის გაძლიერებას უწყობს ხელს“, თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ ბაიდენის კაბინეტის წევრები, მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებამდე, უკრაინისთვის ამერიკის კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარების მიწოდებაზე მუშაობენ.
რუსეთის მხარდასაჭერად ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგებაზე საუბრისას ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვის ურთიერთობა ფხენიანთან “ორმხრივი ქუჩაა” და რომ არსებობს “ღრმა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რას აკეთებს, ან შეიძლება აკეთებდეს რუსეთი, ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობების გასაძლიერებლად”.
ოთხშაბათს ბრიუსელში ბლინკენი ასევე შეხვდა ნატოს მოკავშირეთა უმაღლეს სარდალს, გენერალ კრისტოფერ კავოლის, ევროკავშირის მაღალჩინოსნებსა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლამის.