“დუმილის პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებით შემაშფოთებელია” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

“საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით. მეტიც, მისი დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ფაქტობრივად იწყნარებს რუსულ ანექსიას ამ რეგიონში და საბოლოოდ, განაპირობებს მნიშვნელოვანი ისტორიული შესაძლებლობების დაკარგვას ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით”, – ასე ეხმიანება სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფხაზეთში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს.
აფხაზეთში პროტესტის ტალღა მოჰყვა რამდენიმე ოპოზიციონერის დაკავებას. 12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები დაბლოკეს. ოპოზიციონერების გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციამ ხიდები გახსნა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ უკანასკნელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი მზარდია რეგიონში ს მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების აგრესიული ზრდის საპასუხოდ.
უკვე რამდენიმე წელია აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება რუსეთის მხრიდან მომდინარე დაჩქარებულ ანექსიურ პროცესებს, რაც უკავშირდება არაერთ ინიციატივას, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების და რესურსების რუსეთისთვის გადაცემას (სოხუმის ბაბუშერას აეროპორტი, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები, ე.წ. აპარტამენტების მშენებლობა რუსეთის მოქალაქეებისთვის).
ამ მოვლენების საპასუხოდ, როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკას ირჩევს.
“ის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგანაც კი, რომელიც რუსეთის ანექსიურ პროცესებს გააკრიტიკებდა და დაგმობდა. ცხადია, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებსა და ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს. “ქართლი ოცნების” დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ნათლად მიუთითებს, რომ უკვე წლებია ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა და სტრატეგია რუსულ ანექსიურ პროცესებზე რეაგირებისთვის. ხელისუფლება ვეღარ იცავს ბალანსს რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის და უმოქმედობის მიდგომები აძლიერებს აფხაზეთში რუსეთის ექსპანსიისა და ანექსიური პროცესების შეწყნარებისა და ნორმალიზების დისკურსსა და განცდას”.
აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკური დომინაციის გაძლიერება მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევაა, რადგან რუსეთის ეკონომიკური ბერკეტების ზრდა ამ რეგიონში განაპირობებს მისი სტრატეგიული უპირატესობის გაძლიერებასაც. ამ კუთხით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლების მუშაობა უნდა გულისხმობდეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უფრო ფართო მიზანზე აპელირებას და დიპლომატიური მუშაობის გაძლიერებას საერთაშორისო ინტერესის და დღის წესრიგის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ეს ფართო რეგიონალური პერსპექტივა და საერთაშორისო დონეზე მუშაობის ძალისხმევა სრულად უგულებელყოფილია ხელისუფლების პოლიტიკაში. აშკარაა ისიც, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ვერ ახერხებს აფხაზურ საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილებებისა და შიშების საპასუხოდ ახალი ტიპის სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებას და ელიტებს ახალ სოციალურ და ეკონომიკურ ალტერნატივებს და უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებდა. ასეთი პოლიტიკა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში, ახალ საფეხურზე აიყვანდა ნდობის აღდგენის პროცესს და ევროკავშირის მედიაციით დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესის ახალ ჩარჩოს შექმნიდა. ევროკავშირის პოლიტიკური, ფინანსური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენება კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით კიდევ უფრო რთულდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. ამ პირობებში კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ “ქართული ოცნების” ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა რამდენად დამაზიანებელია მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!

ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, თავიანთი ვიზიტებით გაამაგრონ ოპოზიცია, თუმცა მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს