ლიეტუვის სეიმის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის უარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრაზე, ძალიან საბჭოურია.
„ძალიან საბჭოურია. აღნიშნული ტენდენცია მე 3-4 წლის წინ შევამჩნიე – ვინც აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას, აღარ ხვდებოდნენ. მე აქ ხშირად ჩამოვსულვარ ბოლო სამი წლის განმავლობაში და ისინი შეხვედრებს “ვერ ახერხებდნენ”. მცირე გამონაკლისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც გვხვდებოდა. თუ აკრიტიკებ, როგორც წესი აღარ გხვდებიან. ეს არის საბჭოთა მიდგომა“, – განაცხადა პავილიონისმა.
ჟიგიმანტას პავილიონისმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მთავრობათა შორის მოლაპარაკებებზე გადის და გადაწყვეტილებები მხოლოდ ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში არ მიიღება.
„ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი, ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს ის. „ქართული ოცნება“, როდესაც ამბობს, რომ შეუძლია იყოს გაწევრიანების გარანტი, იტყუება“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.
კერძოდ, თბილისში იმყოფება ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ამ ჯგუფმა“ მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვა, რაზეც უარი უთხრა და მიზეზი წერილობითაც განუმარტა. აღნიშნულ წერილს პაპუაშვილი Facebook-ზე ავრცელებს.
უარის ერთ-ერთ მიზეზად პაპუაშვილი ასახელებს, დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ევროპელ პოლიტიკოსის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს კრიტიკულ განწყობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი.
პაპუაშვილი მათ არამეგობრულ დამოკიდებულებასა და საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.