[უცხოელ პარტნიორებთან] საუბარი გვექნება იმაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, გავიცნობთ მათ შეხედულებებს, როგორ უყურებენ ამ პროცესს. ჩვენ გვექნება შეთავაზება, თუ რაში ვხედავთ, კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური ძალა მათ როლს, თუნდაც ახლა, მიმდინარე პროცესში და უახლოეს დღეებში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოზე, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს, 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაცია სჭირდება.
„მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ვხვდებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო, პრაქტიკულად, მოექცა იზოლაციაში, ყველა ევროპული, დემოკრატიული და დასავლური ქვეყნისგან. დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ, იმიტომ, რომ ეს იზოლაცია გავარღვიოთ, დავბრუნდეთ იმ დემოკრატიული განვითარების გზაზე და განვაახლოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ამ ბოლო, რამდენიმე წლის პოლიტიკამ სრულად ჩიხში შეიყვანა და გაყინა. ამიტომ, დღეს საუბარი გვექნება იმაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, გავიცნობთ მათ შეხედულებებს, როგორ უყურებენ ამ პროცესს და ჩვენ გვექნება შეთავაზება, თუ რაში ვხედავთ, კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური ძალა მათ როლს, თუნდაც ახლა, მიმდინარე პროცესში და უახლოეს დღეებში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოზე. ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჩვენ, ალბათ, ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ არცერთ შემთხვევაში, მინიმალისტურადაც კი, გარდა ორბანისა და მსგავსი ავტოკრატი ლიდერებისა, არავინ მისცეს არანაირი სიგნალი, იმპულსი იმისთვის, რომ ასეთი არჩევნები შესაძლოა იქნას აღიარებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება არჩევნების დარღვევით ჩატარებაზე გამოძიებას, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, საფუძვლიანი ეჭვი და ფაქტები არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს“.