გრეტა თუნბერგი თბილისში, „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ აქციას აანონსებს

საქართველოში მყოფი შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა თუნბერგი აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29-ის დაწყებამდე, დღეს, 11 ნოემბერს თბილისში „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ აქციას აანონსებს, რომელსაც ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ აქტივისტებთან ერთად გამართავს.
როგორც აქტივისტი წერს, „კავკასიის რეგიონში ივანიშვილი, პუტინი ერდოღანი, ასევე ირანის თეოკრატიული რეჟიმი კონტროლს აძლიერებენ, ავიწროებენ საკუთარ ხალხს, აზერბაიჯანი კი კლიმატის კონფერენციას ფასადისთვის იყენებს, აძლიერებს რა ავტორიტარულ კონტროლს.
“შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში. აზერბაიჯანი, რომელიც იყენებს “COP29-ს” ფასადად, აძლიერებს კონტროლს ყალბი “მწვანე” დღის წესრიგით, ამკაცრებს ძალაუფლებას და ესკალაციას უწევს რეგიონულ დაძაბულობას.”
ის წერს, რომ 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში, “აზერბაიჯანის რეჟიმი ალიევის ხელმძღვანელობით ჩაგრავდა ხალხს, ხელს უწყობდა სიღარიბეს, შიშსა და დუმილს”.
“ეს ავტორიტარული ტენდენცია არ არის იზოლირებული – რეგიონის მასშტაბით, ივანიშვილის, პუტინის, ერდოღანის, ირანის თეოკრატიული რეჟიმი აძლიერებენ კონტროლს, ავიწროებენ საკუთარ ხალხს და იყენებენ ომსა და ეთნიკურ წმენდას სომხების, უკრაინელების, ქურთებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ გამოყენებული სასტიკი პოლიტიკის გასამართლებლად“, – წერს შვედი აქტივისტი.
გრეტა თუნბერგი, უკანასკნელი რამდენიმე დღეა თბილისში მიმდინარე აქციებზეც იმყოფებოდა.
თუნბერგმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად მივიდა აქციაზე.
„ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ეწინააღმდეგებოდა რეპრესიებს. ჩემთვის ცნობილია [მიმდინარე] პროცესები, თუმცა ამ კვირაში, ადგილობრივ აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ, მეტის გაგებას ველი“.