იძებნება ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღეს ინფორმაცია აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალის გამოკვლევით, ცოფი დაადასტურა. სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში.
ამავდროულად აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს.
ჩატარებული მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის შესახებ, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს”. – წერს სააგენტო.