5 ნოემბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, წარმოშობით უკრაინელი იუჯინ ვინდმანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს.
ის არის ძმა თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ვინდმანისა, რომელიც 2019-2020 წლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო.
ვინდმანმა, როგორც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ვირჯინიის შტატის მე-7 ოლქში იყარა კენჭი. არჩევნების შედეგებით, მან დაახლოებით 5 ათასი ხმით გაუსწრო თავის მეტოქეს რესპუბლიკური პარტიიდან.
49 წლის ვინდმანმა, როგორც AP-ი აღნიშნავს, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს წამოჭრა აბორტის უფლებისა და დემოკრატიისთვის მოსალოდნელი საფრთხეების თემები იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებდა არჩევნებში.
მან აშშ-ის არმიაში იმსახურა და თავისი ძმის მსგავსად, მუშაობდა თეთრი სახლის აპარატში. “ეს არის ამერიკული გამოცდილების ძალის დასტური: იმიგრანტი, რომელიც საბჭოთა რეჟიმს გამოექცა და ამ დიად ქვეყანაში ჩამოვიდა ჯიბეში 800 დოლარზე ნაკლებით, ახლა იქნება აქ, როგორც წარმომადგენელთა პალატის არჩეული კონგრესმენი”, – განაცხადა მან.
ტყუპი ძმები ვინდმანები კიევში, ებრაულ ოჯახში 1975 წელს დაიბადნენ მაშინდელ უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში და ოთხი წლის ასაკში მამასთან ერთად აშშ-ში გადავიდნენ. კონგრესში რესპუბლიკური პარტიიდან ხელახლა აირჩიეს უკრაინის კიდევ ერთი მკვიდრი, ვიქტორია სპრატცი.
ის ცნობილია უკრაინის მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკით.
დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში და დაბრუნდება თეთრ სახლში. რესპუბლიკელებმა დაიბრუნეს კონტროლი სენატზე – მათ 100 ადგილიდან, არანაკლებ 52 ექნებათ; სამ შტატში ხმების დათვლა კვლავ გრძელდება.
კვლავ არ არის ცნობილი, ვინ გააკონტროლებს ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას. Associated Press-ის მონაცემებით, რესპუბლიკელი კანდიდატები იგებენ 206 ოლქში, ხოლო დემოკრატები – 191-ში. გამარჯვებული გამოსავლენია კიდევ 38 ოლქში. უმრავლესობისთვის საჭიროა 218 მანდატი. იმ ოლქებიდან, სადაც ჯერ არ დამთავრებულა ხმების დათვლა, 18-ში რესპუბლიკელები არიან წინ, თუმცა ხმებში სხვაობა მცირეა და ვითარება კიდევ შეიძლება შეიცვალოს. შედეგები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ფორუმი