„მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, პოლიციის მიერ მის უკანონო დაკავების საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. გამოცემის მიხედვით, საქმეს ნომერი მიენიჭა და განმცხადებელს ეცნობა, რომ საჩივარი „შესაძლებლობისთანავე განიხილება“.
„ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ედავება. საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას. დაზარალებულ ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს“, — წერს გამოცემა.
გელა მთივლიშვილი პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის 1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას, იმ დროს დააკავა, როცა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას იღებდა.
გელა მთივლიშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მთივლიშვილმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა უარყო. მისი განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვმა ჟურნალისტი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტმა დაკავების დღესვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, ივლისში, გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო. თუმცა, როგორც „მთის ამბები“ წერს, არცერთი პოლიციელი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და პირიქით, ერთ-ერთი მათგანი დააწინაურეს და სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
„მომჩივანი ამტკიცებს, რომ მისი საქმე არ შეიძლება განიხილებოდეს იზოლირებულად და სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების მზარდ ტენდენციაზე, რომლებიც გამოხატავენ უთანხმოებას ან აკრიტიკებენ ხელისუფლებას“, — წერს „მთის ამბები“.
