ბათუმში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ნომერ 14 საბავშვო-ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება.
„ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტის ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო ეზო, სადაც განთავსდა საბავშვო ატრაქციონები.
სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 113 ათას ლარს აღემატება. გასულ თვეში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელიც 280 აღსაზრდელს ემსახურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ახალი საბავშვო ბაღი ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საზეიმოდ გახსნა.
„დღეს საზეიმოდ გავხსენით ახალი ნომერ 14 საბავშვო ბაღი, რომელიც 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღის შენობა სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და უსაფრთხოების ზომებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში – დასრულდება ნომერ 4 ბაღის სრული რეაბილიტაცია, ხოლო აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაღი გაიხსნება.
ამავდროულად, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 9 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ვახორციელებთ, რაც მომდევნო წლისთვის დასრულდება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორი საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით შედგა ტენდერი და მომავალ სასწავლო წელს ორი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებით დავიწყებთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმის მერის თქმით, მომავალში გაგრძელდება მსგავსი პროექტების განხორციელება.
„ბავშვზე მორგებული ქალაქების“ ჭრილში ბათუმის მუნიციპალიტეტს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რათა სამომავლოდ არაერთი საბავშვო ბაღი ავაშენოთ, შესაბამისად, კონკრეტული გამოწვევები, რაც გვაქვს ქალაქთან მიმართებაში ინფრასტრუქტურულ ნაწილში, შესრულებული იქნება“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.